აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ BRICS "მკვდარია" მას შემდეგ, რაც ის ორგანიზაციას დოლარის ჩანაცვლების მუქარის გამო 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა. მისივე თქმით, ორგანიზაცია "ცუდი მიზნით" შეიქმნა.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ილაპარაკა.
"BRICS ცუდი მიზნით შეიქმნა და ახლა ამ ადამიანთა უმეტესობას ამაზე ლაპარაკიც კი აღარ უნდა. ამაზე ლაპარაკის ეშინიათ, რადგან იმ დღეს, როცა ახსენეს, რომ ეს უნდოდათ, ვუთხარი, რომ თუ დოლართან თამაში უნდათ, 100%-იანი ტარიფებით დავარტყამ და ისინი დაბრუნდებიან და იტყვიან, გევედრებით. შემევედრებიან, რომ ეს არ გავაკეთო.
BRICS მკვდარია, მას შემდეგ, რაც ეს ვთქვი. BRICS იმ წუთას მოკვდა, როცა ეს ვახსენე. მახსოვს, როცა ობამა და, განსაკუთრებით ბაიდენი, მგონი მან თქვა ეს, [ამბობდნენ], რომ მათ [BRICS-ს] ლულა ჰქონდათ მოდებული. მათ არ აქვთ ჩვენთვის ლულა მოდებული, ჩვენ გვაქვს მათთვის ლულა მიდებული". - თქვა ტრამპმა.
ტრამპი ამბობს, რომ ტარიფების დაწესებისა და ვაჭრობის შეწყვეტის პერსპექტივის გამო BRICS-ის წევრებს აღარც სურთ, აღიარონ, რომ ორგანიზაციის წევრები არიან.
"თუ BRICS-ს თამაში სურს, ეს ქვეყნები ჩვენთან არ ივაჭრებენ, ჩვენ არ ვივაჭრებთ მათთან და თუ რამე ვაჭრობა შედგება, 100%-იანი ტარიფები იქნება. [...] როცა ამას გაიგებენ, თქვენი აზრით, რას იზამენ? ისინი იტყვიან, შეხედეთ, BRICS-ს რა მოუვიდა, [...] არც კი უნდათ, აღიარონ, რომ BRICS-ის წევრები იყვნენ, ეს მოხდა". - თქვა ტრამპმა.
30 იანვარს ტრამპი 100%-იანი ტარიფების დაწესებით განმეორებით დაემუქრა BRICS-ის წევრ ქვეყნებსაც, მათ შორის, ბრაზილიას, რუსეთის, ინდოეთსა და ჩინეთს, თუკი ისინი სარეზერვო ვალუტად ამერიკული დოლარის ჩანაცვლებას შეეცდებიან.
"აზრი, რომ BRICS-ის ქვეყნები დოლარის მიტოვებას აპირებენ, სანამ ჩვენ განზე ვდგავართ და ვუყურებთ, დასრულებულია". - წერდა ტრამპი.
ცნობისთვის, რუსეთსა და ბრაზილიაში პოლიტიკოსებს აქამდე გამოუთქვამთ აზრი, რომ BRICS-მა აშშ-ს დოლარის საპირწონედ საკუთარი ვალუტა უნდა შექმნას.
ტრამპის თქმით, "შანსი არ არის, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში, ან სადმე სხვაგან, BRICS ამერიკულ დოლარს ჩაანაცვლებს, და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას ეცდება, ტარიფებს უნდა მიესალმოს და ამერიკას დაემშვიდობოს!".
BRICS საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 2006 წელს სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე დაფუძნდა. ეკონომიკური ბლოკის წევრები არიან რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ირანი, ეთიოპია, ინდონეზია და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ტრამპმა ბოლო პერიოდში სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების მუქარის ხშირი გამოყენება დაიწყო, რისი პირველი სამიზნეც კანადა და მექსიკა გახდნენ. ამის მიზეზი, ტრამპის თქმით, არალეგალური იმიგრაციისა და საზღვარზე ნარკოტიკების კონტრაბანდის გადატანის აღმოუფხვრელი პრობლემაა. აშშ-ს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მეზობელი სახელმწიფოები ამ მხრივ არასაკმარის ძალისხმევას დებენ პრობლემის გადაჭრაში.
თეთრ სახლში 31 იანვარს დაადასტურეს, რომ 1-ელი თებერვლიდან აშშ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს - კანადას, მექსიკასა და ჩინეთს - ტარიფებს დაუწესებდა, რასაც საფონდო ბირჟებზე აქციების ფასებზე ვარდნა მოჰყვა. თუმცა, კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ ტარიფები ტრამპმა მას შემდეგ გადადო, რაც იგი მექსიკის პრეზიდენტს კლაუდია შაინბაუმსა და კანადის პრემიერმინისტრს ჯასტინ ტრუდოს ესაუბრა.