რუსეთი და სუდანის მთავრობა სუდანში რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ერთ-ერთი რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდით". - გამოცემის ცნობით, თქვა სუდანის უმაღლესმა დიპლომატმა ალი იუსეფ აჰმედ ალ-შარიფმა.
როგორც გამოცემა Bloomberg წერს, რუსეთს სუდანის 853 კილომეტრიან სანაპირო ზოლზე დიდი ხანია, რაც კონტროლის მოპოვება სურს, ამ შეთანხმების მიღწევა კი, აფრიკაში რუსეთის მზარდი გავლენის გამო, დასავლეთის შეშფოთებებს გააღრმავებს.
საზღვაო ბაზის შექმნის იდეა თავდაპირველად სუდანის ყოფილი დიქტატორის, ომარ ალ-ბაშირის მმართველობის დროს გაჩნდა, თუმცა გეგმის შესრულება 2 წლის წინ სუდანში სამოქალაქო ომის დაწყებამ შეაყოვნა.
გასულ წელს სუდანის არმიამ განაცხადა, რომ რუსეთი, სუდანის სანაპიროზე სამხედრო მიზნებისთვის საჭირო ნავთობის შენახვის სანაცვლოდ, ხარტუმისთვის (სუდანის დედაქალაქი) იარაღის მიწოდებას დათანხმდა.
Bloomberg-ის ცნობით, შეთანხმება უკავშირდება მოსკოვის მცდელობას, შეინარჩუნოს კონტროლი სირიაში ორ მნიშვნელოვან ბაზაზე, საზღვაო პორტზე ტარტუსში და აეროდრომზე ჰმეიმიმში, გასული წლის დეკემბერში მისი მოკავშირე დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ. რუსეთის მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს სირიის დროებით პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარასთანაც, რათა შეინარჩუნოს კონტროლი იმ ობიექტებზე, რომლებიც მოსკოვისთვის ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში გავლენების შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
სუდანში დაპირისპირება 2023 წლის აპრილში დაიწყო. ერთმანეთთან იბრძვიან ყოფილი მოკავშირეები: სუდანის არმია, რომელსაც გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი მეთაურობს და სწრაფი რეაგირების ძალები (RSF), რომლის მეთაურიც მუჰამედ ჰამდან დაგლოა. RSF-ს აქტიურად უჭერდა მხარს ვაგნერის ჯგუფი.
სისხლი და ოქრო – ვაგნერის ჯგუფისა და ევგენი პრიგოჟინის აქტიურობა სუდანში
საზღვაო სამხედრო ბაზაზე საუბარი ჯერ კიდევ 2017 წელს, პუტინსა და ალ-ბაშირს შორის დაიწყო, თუმცა 2019 წლის გადატრიალებამ კრემლი უკან დახია. შეთანხმება საჯაროდ ცნობილი 2020 წელს გახდა და როგორც ჩანს, რუსეთმა მას ხელი ცალმხრივად მოაწერა.
მოსკოვის მიერ ამავე წელს გამოქვეყნებული შეთანხმების მიხედვით, მათ მიეცემათ უფლება, პორტში განათავსონ სამხედრო ფლოტის ოთხი გემი, მათ შორის ბირთვული ძრავის მქონე ხომალდები, ასევე 300-მდე სამხედრო. შეთანხმება, ძალაში შესვლის შემდეგ, 25-წლიანი იქნება და თუ არცერთი მხარე არ გამოთქვამს შეჩერების სურვილს, ის 10 წლით გახანგრძლივდება.