გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთსა და უკრაინაში, კით კელოგმა დროებით შეაჩერა უკრაინის სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა, რათა NATO-ს ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართოს.
გამოცემა წერს, რომ სპეციალურმა წარმომადგენელმა NATO-ს პრემიერმინისტრებსა და პრეზიდენტებთან შეხვედრები დააანონსა. კელოგმა პირობა დადო, რომ მოკავშირეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს, სანამ საბოლოოდ დაამტკიცებს ომის დასრულების გეგმას.
მისი თქმით, მოლაპარაკებები შედგება იმაზე, თუ რა წვლილის შეტანას შეძლებენ მთავრობები სამშვიდობო შეთანხმების პროცესში. სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, მას სურს სამშვიდობო გეგმაზე ევროპელი დიპლომატების შეხედულებები მოისმინოს.
კელოგი მიმდინარე კვირაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, სადაც სამშვიდობო გეგმის ზოგიერთი ელემენტის გასაჯაროებას აპირებს. გამოცემის ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების სანაცვლოდ იშვიათი წიაღისეულის რესურსებზე წვდომას მოითხოვს.
წყაროების ინფორმაციით, ის ევროპელი ლიდერები, რომლებმაც კელოგთან შეხვედრები უკვე გამართეს, დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან მომავალ მოლაპარაკებებში აშშ უკრაინის პოზიციის გაძლიერებას ეცდება.
მიუნხენის ყოველწლიურ კონფერენციას აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი, ჯეი დი ვენსიც დაესწრება. კელოგთან ერთად ის კონფერენციის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და სხვა ევროპელ ლიდერებთანაც.