აშშ-რუსეთი

რიაბკოვის თქმით, აშშ-რუსეთის ურთიერთობები ჩამოშლის პირასაა

სერგეი რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები ჩამოშლის პირასაა და ამასთან, უარი თქვა ინფორმაციის დადასტურებაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს. 

როგორც რიაბკოვმა 10 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსკოვის ურთიერთობები ვაშინგტონთან "ჩამოშლის პირას ბალანსირებს" და გაიმეორა, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება მანამ, სანამ კიევი NATO-ში გაწევრიანების "ამბიციებს არ მიატოვებს" და რუსეთის მიერ ოკუპირებული 4 უკრაინული რეგიონიდან არ გავა. 

"ჩვენ აბსოლუტურად გვჭირდება, რომ აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ გაიაზროს და გააცნობიეროს, რომ იმ პრობლემების მოგვარების გარეშე, რომლებიც უკრაინაში არსებული კრიზისის საფუძველს წარმოადგენს, შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება". - თქვა რიაბკოვმა და მიანიშნა, რომ მოსკოვი აშშ-სთან მოლაპარაკებების შესახებ ხისტ მიდგომას ინარჩუნებს. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა New York Post-თან ინტერვიუში თქვა, რომ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხზე ტელეფონით ესაუბრა. 

ტრამპის თქმით, მას ჯერა, რომ "პუტინს ბრძოლის ველზე დაღუპულები მართლა ადარდებს". 

"მას უნდა, რომ ადამიანებმა სიკვდილი შეწყვიტონ" - თქვა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, მას, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა პუტინთან. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რამდენჯერ ულაპარაკიათ ქვეყნების ლიდერებს ერთმანეთთან, ტრამპმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ "უმჯობესია არ თქვას".

პუტინსა და ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბარი კრემლმა არც უარყო და არც დაადასტურა. 

"ვაშინგტონის ადმინისტრაციის სამუშაო პროცესის ფარგლებში მრავალი განსხვავებული კომუნიკაცია წარმოიქმნება და ეს კომუნიკაციები სხვადასხვა არხების მეშვეობით მიმდინარეობს" - ასე უპასუხა შეკითხვას კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა პუტინსა და ტრამპს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე. 

კომენტარები