კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, პარტია გახარია საქართველოსთვის წევრების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ბანერები ქართული ოცნების ცილისმწამებლური პროპაგანდის კოპირებაა და გახარიასგან ამ "გაუგებრობის ახსნა-განმარტებას" იმედოვნებს.
"[გიორგი] გახარიას პარტიის გავრცელებული დღევანდელი ბანერი პირდაპირი კოპირებაა "ოცნების" ცილისმწამებლური პროპაგანდის, რომელსაც დიდი ხანია აწარმოებს ჩემი და "ლელოს" წინააღმდეგ.
მაინც ვიმედოვნებდი, რომ ამ გაუგებრობას ახსნა-განმარტებას მოუძებნიდით, ან ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით... ახლა ვრწმუნდები, რომ შეგნებულად დაგვესხით თავს, თუ ასე არაა, გვითხარით, რომ ვცდები და ახსენით!" - წერს ხაზარაძე.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 5 თებერვალს ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უფლებამოსილება შეუწყვიტეს 49 ოპოზიციონერ დეპუტატს, ოცნების წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ბანერები წარწერით "49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია", რის შემდეგაც აღნიშნული ბანერის ფოტო გამოაქვეყნეს პარტია გახარია საქართველოსთვის წევრებმა, სადაც დამატებული იყო ქართული ოცნების დეპუტატების გამოსახულებაც, წარწერით "დარჩენილია 89 ნაცი".