ისაკო დევიძის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, დევიძეს რეჟიმის პოლიცია დაკავებისას ორჯერ გაუსწორდა ფიზიკურად და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ამასთან, რეჟიმის პოლიციამ საშუალება არ მისცა დევიძის დედას, სახლის ჩხრეკას დასწრებოდა.
ადვოკატის ცნობითვე, დევიძემ შიმშილობა დაიწყო.
"ისაკო დევიძეს დღეს დაურღვიეს რამოდენიმე უფლება სამართლებრივ ნაწილში: ისაკო დევიძეს არ მისცეს დაცვის უფლება, ისაკო დევიძესთან არ შეუშვეს დედამისი, რომელიც უნდა დასწრებოდა აღნიშნულ ჩხრეკას.
მე მქონდა ეჭვი, რომ შიგნით ხდებოდა კანონდარღვევა და ეს ეჭვი ამიხდა, რადგან როდესაც ისაკო დევიძე მოვინახულე, მან მითხრა, რომ როდესაც ის დააკავეს, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ ორ ეტაპად - ერთი, როდესაც ის აჰყავდათ სახლში, "პადიეზდში" გაუსწორდნენ ფიზიკურად და როდესაც უკვე სახლში შეიყვანეს, მას აგინებდნენ დედის მიმართულებით, ეძახდნენ სხვადასხვა უშვერ სიტყვებს.
როგორც ქართველმა პატრიოტმა ბიჭმა ვერ მოითმინა და უთხრა კიდევაც რომ, "რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას", "რა გინდათ, კრიმინალებო". ამის მერე მას ფიზიკურად გაუსწორდნენ კიდევ ერთხელ და მასზე იძალადეს. ეს არის ყველანაირი კანონდარღვევა. ამის შემდეგ დევიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ისაკო დევიძემ გამოაცხადა შიმშილობა. ყველა პოლიტპატიმრის მიმართ სოლიდარულია და ყველას ეუბნება, რომ მას არ ეშინია და არავის უნდა შეეშინდეს ამ ავტორიტარული სისტემის". - თქვა ტყეშელაძემ ტაბულასთან საუბრისას.
ცნობისთვის, დღეს აქტივისტი ისაკო დევიძე, რომლის სახლშიც დღეს პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
დევიძის დედის თქმით, რეჟიმის პოლიციამ ჩხრეკის შემდეგ სახლიდან ლეპტოპები წაიღო. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ სახლიდან წაიღო სუნამოებიც.
ისაკოს დედამ ასევე დაადასტურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომ პოლიციამ სახლიდან წაიღო თანხა, რომელიც დედას ოპერაციისთვის ჰქონდა სესხად აღებული. მისი თქმით, რეჟიმის სამართალდამცავებმა სახლიდან 2000 ლარის ოდენობის თანხა წაიღეს.
- ისაკო დევიძის დედა: სახლიდან წაღებულია ლეპტოპები, ოპერაციისთვის საჭირო 2000 ლარი
- ნონიაშვილი: ისაკო დევიძის სახლიდან წაიღეს თანხა, რომელიც მისმა დედამ ოპერაციისთვის ისესხა
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, დევიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ამასთან, შსს-მ ჩხრეკები სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარა - გაჩხრიკეს ჯგუფ დაიტოვეს დამფუძნებლების ილია ღლონტის და ნენსი ვოლანდის სახლები.