ისრაელის ფინანსთა მინისტრის, ბეცალელ სმოტრიჩის ულტრამემარჯვენე პარტია რელიგიური სიონიზმი მმართველი კოალიციიდან გამოსვლით იმუქრება. ამ საკითხზე საუბარი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მიღწევა შესაძლებელი გახდა.
"მძევლების დაბრუნების სურვილღან ერთად, პარტია რელიგიური სიონიზმი შეთანხმების წინააღმდეგია. პარტია მხარს უჭერს საკუთარი ლიდერის, მინისტრი ბაცალელ სმოტრიჩის მოთხოვნას პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ, უზრუნველყოფილ იქნას ისრაელის ომში დაბრუნება, რათა განადგურდეს ჰამასი და დაბრუნდნენ მძევლები, გადამწყვეტი გამარჯვებისთვის მიდგომის შეცვლით, შეთანხმების პირველი ფაზის დასრულებისთანავე. ეს არის წინაპირობა პარტიის მთავრობასა და კოალციაში დარჩენისთვის." - ეწერა პარტიის 15 იანვრის განცხადებაში.
თავად სმოტრიჩმა პირადადაც გაუსვა ხაზი, რომ მთავრობაში მათი დარჩენის წინაპირობა არის "სრული დარწმუნება", რომ ისრაელი ომში "დიდი ძალით" დაბრუნდება, მანამ, სანამ არ მიაღწვენ "სრულ გამარჯვებას ყველა კომპონენტში, ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის განადგურებასა და ყველა მძევლის სახლში დაბრუნებას".
სმოტრიჩმა ეს განცხადება პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რაც, ისრაელის მედიის ვარაუდით, იმაზე მიუთითებს, რომ ნეთანიაჰუმ მისი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
ქნესეთის დეპუატმა, ცვი სუქოთმა ისრაელის რადიოსთან საუბარში აღნიშნა, რომ მათი პარტია, რელიგიური სიონიზმი, კოალიციას დიდი ალბათობით დატოვებს.
შეთანხმება დაგმო კიდევ ერთმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, ითამარ ბენ-გვირმა. თუმცა მას არ უთქვამს, რომ მისი პარტია მმართველი კოალიციის დატოვებას აპირებს, თუ შეთანხმება გეგმის მიხედვით წარიმართება.
თუ დეპუტატები ქნესეთს დატოვებენ, შესაძლოა ისრაელში პოლიტიკური კრიზისი განახლდეს და ახალი ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.
15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ისრაელი და ჰამასი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. თუმცა, შემდეგში გაირკვა, რომ გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია და სანამ ეს პროცესი არ დასრულდება, შეთანხმებას ხელი არ მოეწერება. გადაიდო მინისტრთა კაბინეტის მოწვევა.