თბილისის მერიის განცხადებით, გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებენ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იგეგმება საგზაო ნაწილის გაფართოება.
"დედაქალაქში გამტარუნარიანობის თვალსაზრისით ეს საკმაოდ პრობლემური ადგილია, განსაკუთრებით პიკის საათებში. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გზის გაფართოება და სრული რეაბილიტაცია. ასევე, გარე განათების ქსელის მოწყობა LED ლამპიონებით. უკვე მიმდინარეობს სადენების მიწის ქვემოთ ჩატანა. ასევე, უსაფრთხოების კუნძულები მოეწყობა, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და შუქნიშნები დამონტაჟდება, რომლითაც საავტომობილო მოძრაობა დარეგულირდება. ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. პროექტის განხორციელებისთვის ჩვენ მოგვიწია გარკვეული არეალების გამოსყიდვა. ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობა მოვახდინეთ" - თქვა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 თვეში დასრულდება. სამუშაოებს კი ღამის საათებში შეასრულებენ.