საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, რომელზეც რეჟიმის მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე საპროტესტო აქციების ფარგლებში რეჟიმის სამართალდამცავების მიერ დაკავებული ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმეებს განიხილავს.
TI-ის განცხადებით, ფაქტი, რომ ხუსკივაძემ დაკავებულების ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სხდომაზე დამსწრეთა დიდი რაოდენობის მიუხედავად პროცესი სხდომათა დიდ დარბაზში არ გადაიტანა, დაკავებული პირების ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე მიუთითებს.
TI-მ ქართულ ოცნებასა და რეჟიმის მოსამართლე ირაკლი კუსხივაძეს მოუწოდა, შეწყვიტონ დაკავებული პირების ფუნდამენტური უფლებების დარღვევები და დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლონ ისინი.
"მიუხედავად ამ საქმის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესისა და იმისა, რომ წინასწარ იყო განჭვრეტადი სხდომაზე დასწრე მსურველთა დიდი რაოდენობა, სხდომა მაინც მცირე დარბაზში ჩაინიშნა. ადვოკატები ითხოვდნენ დარბაზის შეცვლას, რადგან დარბაზში შესვლას ვერ ახერხებდნენ ბრალდებულის ოჯახის წევრებიც კი. გარდა ამისა, უჟანგბადობის გამო შეუძლოდ გახდა ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილი და პროცესზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დარბაზი თავისუფალია. პროკურორებიც ხედავდნენ სხდომის გადატანის საჭიროებას, თუმცა თავდაპირველად შუამდგომლობის დაკმაყოფილებას არ დაეთანხმდნენ, ხოლო მოგვიანებით პოზიცია აღარ დაუფიქსირებიათ.
ამ წუთებში სხდომა შეჩერებულია, რადგან ადვოკატებმა და ბრალდებულებმა არაადამიანური პირობების გამო სხდომა დატოვეს და აცხადებენ, რომ მზად არიან პროცესში მონაწილება გააგრძელონ დარბაზის ცვლილების შემდეგ. სასამართლო ელოდება სავალდებულო დაცვის ადვოკატებს, რომლებმაც უნდა ჩაანაცვლონ კერძო ადვოკატები, რათა სხდომა გაგრძელდეს (კანონის თანახმად, ბრალდებულებიდან ხუთს ადვოკატის არყოლის შემთხვევაში, სავალდებულო ადვოკატი უნდა დაენიშნოს).
აშკარაა, რომ ამ და სხვა პროცესუალური ნორმების დარღვევა მიზნად ისახავს დაკავებული პირების სამაგალითოდ დასჯას და ამ მიზნის მიღწევა ხდება კანონის სრული იგნორირებით. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ და მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს შეწყვიტოს დაკავებული პირების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლოს ბრალდებულები: ვეფხია კასრაძე, ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ამ და სხვა საქმეებზე ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს". - წერია TI-ის განცხადებაში.