ღარიბაშვილი: აბსურდია რომ პარტია დავტოვე; ვარჯიშის დროს მივიღე მსუბუქი დაზიანება

რადიო თავისუფლება

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ტყუილს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მასსა და პარტიას შორის დაპირისპირებაა და ქართული ოცნებიდან მიდის. 

"მინდა გამოვეხმაურო ამ აბსურდულ ცილისწამებას, ბრალდებებს და ამ ტყუილს, რომელიც საზოგადოებამ იხილა ამ ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ განცხადებაც გავავრცელეთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე და მითუმეტეს კრიზისის დროს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები - თითქოს ამ ფონზე დავტოვე მე პარტია - ეს არის აბსურდი, მე ვინც მიცნობს და მგონი ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, პრინციპები. ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და ამ წესებს არასოდეს გადავუხვევ", - ამბობს ღარიბაშვილი რუსთავი 2-თან.

მთავარმა არხმა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილი დაპირისპირების გამო ტრავმატოლოგიურში მოხვდა და, რომ მას დაზიანებები აღენიშნებოდა. 

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ექსპრემიერი განმარტავს რომ "მსუბუქი დაზიანება" ვარჯიშის დროს მიიღო. 

"მე ასევე მინდა გამოვეხმაურო იმ აბსურდულ, ამაზრზენ ტყუილს, რომელიც გააჟღერა ერთ-ერთმა არარაობამ, არ მოვერიდები ამის თქმას და მოღალატე ბაჩიაშვილმა და მისმა მსგავსმა მოღალატე გახარიამ. იცით რა, მე მეუხერხულება... ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს იმის საჭიროება რომ ექიმთან მივიდეს, რაც ძალიან მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამაზე ამხელა სკანდალი და ამაზრზენი, შეურაცხმყოფელი ტყუილები მოიგონეს. ამიტომ, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი", - თქვა ღარიბაშვილმა რუსთავი 2-თან

გუშინ, 11 დეკემბერს ანალოგიური შინაარსის კომენტარი გააკეთეს ქართული ოცნების პრესსამსახურშიც, მათი თქმით, ღარიბაშვილი მართლაც იყო ტრავმატოლოგიურში, რადგან "ვარჯიშის დროს დაიზიანა მხარი და დასჭირდა მცირე სამედიცინო დახმარება"

კომენტარები