ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება

თბილსერვის ჯგუფის თქმით, უცნობია როდის და სად აინთება თბილისის მთავარი ნაძვის ხე

ცენტრალური ნაძვის ხე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ამ დროისთვის უცნობია, როდის და სად აინთება თბილისის მთავარი ნაძვის ხე.

როგორც ტაბულას ნაძვის ხის შენახვასა და მის აწყობაზე პასუხისმგებელი უწყების, თბილსერვის ჯგუფის პრეს-სამსახურში უთხრეს, მიმდინარე მოვლენების ფონზე, ამ დროისთვის უცნობია, სად და როდის აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე. 

"კი, როგორც წესი, ნაძვის ხის ასაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები დეკემბრის დასაწყისში იწყება, თუმცა მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით, სად და როდის მოხდება ეს, ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს". - უთხრა ტაბულას თბილსერვის ჯგუფის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

ტაბულა ასევე ესაუბრა თბილსერვის ჯგუფის დირექტორს, გიორგი პაპავას. მისი თქმით, საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაგეგმილია, თუმცა კონკრეტული თარიღი "თბილისის მერის გადასაწყვეტია".

“ნაძვის ხე შეძენილია და გვაქვს - მოხდება მისი მორთვა და განახლება, ახალი სათამაშოებისა და ახალი განათებების მონტაჟი მასზე.

ასევე, მის წინ განთავსდება სცენა, რომელზეც იქნება ღონისძიება ჩატარებული.

საახალწლო ნაძვის ხის ანთება და აწყობა დაგეგმილი გვაქვს, თუმცა, კონკრეტულად რომელ თარიღში განხორციელდება მისი ანთება, ეს უკვე მერის გადასაწყვეტია და ამ ეტაპზე, ზუსტდება კონკრეტული თარიღი - ლოკაცია პარლამენტის წინ არის, უცვლელად.

გამომდინარე იქიდან, რომ დანიშნული არ არის, როდის უნდა აინთოს, გადადებაც ავტომატურად არ გამოდის". - თქვა პაპავამ, ტაბულასთან საუბრისას.


ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

პრემიერმინისტრის განცხადებას მოქალაქეების თვითორგანიზებული საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც უკვე მერვე დღეა, მიმდინარეობს.

ძალოვნები პროტესტის მონაწილეებს არაერთხელ გაუსწორდნენ სასტიკად - იყო შემთხვევები, როცა ისინი მოქალაქეებს დაშლის ნაცვლად კუთხეში იმწყვევდნენ.

დაკავებულია ასეულობით ადამიანი, რომელიც დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე საუბრობს. 

კომენტარები