კეზერაშვილის საქმე

რა გადაწყვიტა სტრასბურგის სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე?

ტელეკომპანია ფორმულა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დავით კეზერაშვილის საქმეზე დაადგინა, რომ სასამართლო მიკერძოებული იყო, თუმცა დანარჩენი სარჩელი არ დააკმაყოფილა და დაასკვნა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლო არ ყოფილა.

სტრასბურგის სასამართლო კეზერაშვილის სარჩელს განიხილავდა. აპლიკანტი ასაჩივრებდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში დაახლოებით 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეში დამნაშავედ ცნო და სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გააუქმა. 

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  რომ საქართველოს უზენაესი მოსამართლე შალვა თადუმაძე მიუკერძოებელი არ ყოფილა, რადგან მანამდე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. შესაბამისად, ECHR-ის დადგენილებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ კეზერაშვილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისას კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი დაირღვა, რომლის თანახმად, "სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების ან მის წინააღმდეგ ნებისმიერი სისხლის სამართლის ბრალდების განსაზღვრისას, ყველას აქვს კანონით განსაზღვრული დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნის მიერ გონივრულ დროში საქმის სამართლიანი და საჯარო მოსმენის უფლება". 

"სასამართლომ გაითვალისწინა, რომ არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ მოსამართლე შ. თ.-მ საქმის განმავლობაში პირადი მიკერძოება გამოავლინა. თუმცა, რაც შეეხება ობიექტურ მიუკერძოებლობას, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოში გენერალური პროკურატურის ოფისის იერარქიულ სტრუქტურაზე, რელევანტური ადგილობრივი კანონმდებლობის ფარგლებში გენერალური პროკურორის ფართო ძალაუფლებასა და მაღალი პროფილის მქონე საქმის პოლიტიკურად სენსიტიურ კონტექსტზე. ის ვერ უგულებელყოფდა, რომ, როდესაც შ. თ. გენერალურ პროკურორად დაინიშნა, პასუხისმგებელი იყო პროკურატურის სამსახურის მიმდინარე ქმედებებზე, მათ შორის, ისეთებზე, რომლებიც აპლიკანტის მაღალი პროფილის საქმეს მიემართებოდა, რამდენადაც სამართლებრივ საკითხებზე აპელაცია სულ რაღაც ერთი თვის წინ ჰქონდა შეტანილი. მისი ყოფნა მოსამართლეთა შორის, რომლებმაც შემდგომ აპლიკანტის საქმე მოისმინეს, ამ გარემოებებში, საკმარისი იყო იმისთვის, რომ მის დადგენილებაში უზენაესი სასამართლოს ობიექტურ მიუკერძოებლობაზე ეჭვი გაჩენილიყო. შესაბამისად, ობიექტური მიუკერძოებლობის ნაკლებობის საფუძველზე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა იყო". - წერია სასამართლოს პრესრელიზში. 

ECHR-მა ასევე დაასკვნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ქვედა სასამართლოების კეზერაშვილის გამამართლებელი განაჩენის წერილობით დოკუმენტების საფუძველზე გაუქმებით კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი არ დარღვეულა, ასევე არ დარღვეულა მე-3 პუნქტის C ქვე-პუნქტი, რომლის თანახმად "ყველას, ვის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრება, აქვს შემდეგი მინიმალური უფლებები: [...] C) დაიცვას საკუთარი თავი პირადად ან თავისი არჩეული იურიდიული დახმარებით ან, თუ არ აქვს საკმარისი თანხა იურიდიული დახმარებისთვის, ის უფასოდ მიეცეს, თუკი სამართლის ინტერესები ასე მოითხოვს".

სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების განხილვის საფუძველზე დაასკვნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ კეზერაშვილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება უსამართლო არ ყოფილა.

"გადაწყვეტილებისა და მასში მოცემული მიზეზების განხილვის ფონზე, სასამართლომ არ დაადგინა, რომ გადაწყვეტილება იყო პირობითი ან იმდენად ცხადად არაგონივრული, რომ სასამართლო საქმის სამართლიანობა მიკერძოებული გამხდარიყო ან შედეგად "სამართლიანობის უარყოფა" შემდგარიყო". - წერია პრესრელიზში. 

კეზერაშვილის მხარე საქართველოს ხელისუფლება მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან და მესამე პუნქტის С ქვეპუნქტთან ერთად მე-6 მუხლის მეორე ქვეპუნქტს და მე-13 მუხლსაც ედავებოდა. მე-6 მუხლის მეორე ქვეპუნქტის თანახმად "ყველა, ვისაც ბრალად სისხლის სამართლის საქმე დება, მოაზრებული უნდა იყოს უდანაშაულოდ, სანამ არ დამტკიცდება, რომ დამნაშავეა", ხოლო მე-13 მუხლის თანახმად "ამ კონვენციით დაშვებული შეზღუდვები აღნიშნულ უფლებებსა და თავისუფლებებზე არ უნდა იყოს გამოყენებული ნებისმიერი სხვა მიზეზით, გარდა ისეთების, რომლებიც გაწერილია". 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სარჩელით გათვალისწინებული ეს სხვა ბრალდებები არ განიხილა.

კერძოდ, სასამართლომ დაუსაბუთებლად ცნო მომჩივანი მხარის ბრალდება უდანაშაულოს პრეზუმციის დარღვევასთან და სასამართლოს გადაწყვეტილების მიღმა ფარული პოლიტიკური მოტივის არსებობასთან დაკავშირებით. ამასთან, უზენაესი მოსამართლე შალვა თადუმაძის უკანონო დანიშვნის შესახებ საჩივარი იმ მიზეზით ცნო დაუშვებლად, რომ, მისი დადგენილებით, კეზერაშვილმა ამ საკითხის გამოსარკვევად ქვეყნის შიგნით ყველა იურიდიული ინსტრუმენტი არ ამოწურა.

სარჩელში კეზერაშვილის მხარე ამბობდა, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში გაკეთებულმა განცხადებამ კეზერაშვილის შესახებ მისი უდანაშაულობის პრეზუმცია დაარღვია და უზენაეს სასამართლოზე "არასათანადო ზეწოლა იქონია". გარდა ამისა, მომჩივანი მხარის თქმით, უზენაესი მოსამართლე შალვა თადუმაძე უკანონოდ დაინიშნა და მიუკერძოებელი მხარე იყო, რადგან მოსამართლეობამდე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

ამასთან, მომჩივანი მხარის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მიერ კეზერაშვილის გამართლების გაუქმებამ წერილობითი დოკუმენტების საფუძველზე დაარღვია მისი უფლება, დაეცვა თავისი თავი და ჰქონოდა სასამართლო საქმის მოსმენა.

მომჩივანი მხარის მოთხოვნა არაფულადი დაზიანებისთვის 15 000 ევროს ღირებულების ანაზღაურების შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ "აღნიშნული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, დარღვევის შესახებ დადგენილება წარმოადგენს თავისთავად საკმარის სამართლიან ანაზღაურებას ნებისმიერი არაფინანსური ზიანისთვის, რომელიც აპლიკანტმა განიცადა". 

კეზერაშვილმა სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 2022 წლის 17 თებერვალს შეიტანა. მანამდე, 2017 წელს სააპელაციო სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რომელიც 2018 წლის 22 ივნისს პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 

კომენტარები