დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე რობერტ ფ. კენედი უმცროსი დაასახელა

Brandon Bell / Getty Images

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს ჯანდაცვის და ადამიანური სერვისების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე რობერტ ფ. კენედი უმცროსი დაასახელა.

"მოხარული ვარ, აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების მინისტრად (HHS) რობერტ ფ. კენედი უმცროსი დავასახელო. ამერიკელები დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ ინდუსტრიული კვების კომპლექსისა და ფარმაცევტული კომპანიების ზეწოლის ქვეშ, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში ტყუილითა და დეზინფორმაციით არიან ჩართულნი. თითოეული ამერიკელის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ნებისმიერი ადმინისტრაციის პრიორიტეტია. HHS დიდ როლს ითამაშებს იმის უზრუნველყოფაში, რომ ყოველი ამერიკელი მავნე ქიმიკატების, დამაბინძურებლების, პესტიციდების, ფარმაცევტული პროდუქტებისა და საკვები დანამატებისგან იყოს დაცული, რამაც ქვეყანაში ჯანდაცვის კრიზისი გამოიწვია. ბატონი კენედი აღადგენს ამ უწყებებს ოქროს სტანდარტის სამეცნიერო კვლევის ტრადიციებითა და გამჭვირვალობის შუქურით, რათა დასრულდეს ქრონიკული დაავადებების ეპიდემია და ამერიკა კვლავ გახდეს დიდებული და ჯანმრთელი!" - წერს ტრამპი X-ზე.

რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ჯონ ფ. კენედის ძმისწულია. 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში იგი საპრეზიდენტო კანდიდატად იღებდა მონაწილეობას, თუმცა აგვისტოში მან კანდიდატურა მოხსნა და მხარდაჭერა დონალდ ტრამპს გამოუცხადა

ტრამპის საარჩევნო კამპანიების განმავლობაში კენედი ყოფილ პრეზიდენტის კანდიდატურას ღიად უჭერდა მხარს, რის გამოც ტრამპმა პირობა დადო, რომ იგი მომავალ ადმინისტრაციაში კენედის თანამდებობაზე დანიშნავდა

კენედი კოვიდპანდემიის პერიოდში სკეპტიკურად უყურებდა ვაქცინაციას და ხშირად გაუხმოვანებია ჯანდაცვის სფეროს გარშემო არსებული კონსპირაციული თეორიებიც. 

მისი წინასაარჩევნო კამპანია უცნაურ სკანდალებსაც მოიცავდა. მაისში მან თქვა, რომ 2010 წელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რადგან მისი "ტვინის ნაწილი მატლმა შეჭამა", ხოლო აგვისტოში აღიარა, რომ 2014 წელს გზაზე ნაპოვნი მკვდარი დათვი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში მიიტანა და დატოვა

"კენედის ნომინაცია, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააძლიერებს იმ შიშებს, რომ ტრამპი ადმინისტრაციაში თანამდებობებზე უფრო ექსტრემისტებისა და ლოიალისტების დანიშვნას გეგმავს, ვიდრე ექსპერტებისა და ტექნოკრატების". - წერს გამოცემა The Guardian. 

კომენტარები