აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პირველი ლედი, ბარაკ და მიშელ ობამა 5 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურებიან, რომელშიც რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
ობამამ დონალდ ტრამპსა და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატ ჯეი დი ვენსს გამარჯვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს შესანიშნავი კამპანიის ჩატარებისთვის.
ყოფილმა დემოკრატმა პრეზიდენტმა წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
"უკანასკნელი კვირების მანძილზე და არჩევნების დღის განმავლობაში, მილიონობით ამერიკელმა ხმა მისცა არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ ლიდერებს ყველა დონეზე. ახლა შედეგები ცნობილია და ჩვენ გვინდა გამარჯვება მივულოცოთ პრეზიდენტ ტრამპს და სენატორ ვენსს.
რესპუბლიკელებთან მთელ რიგ საკითხებზე უთანხმოების გამო, რა თქმა უნდა, ეს არ არ ის ის შედეგი, რისი იმედიც გვქონდა, თუმცა დემოკრატიაში ცხოვრების არსი მდგომარეობს იმის აღიარებაში, რომ ჩვენი შეხედულებები ყოველთვის ვერ გაიმარჯვებს და უნდა შეგვეძლოს, მივიღოთ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარება.
მე და მიშელი ძალიან ვამაყობთ ვიცეპრეზიდენტ ჰარისითა და გუბერნატორ უოლცით. ორი გადასარევი საჯარო მოხელე, რომლებმაც შესანიშნავი კამპანია ჩაატარეს. ჩვენ ყოველთვის დავრჩებით მადლიერი იმ გუნდისა და მოხალისეების მიმართ, რომლებმაც რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, რათა იმ საჯარო მოხელეებს გაემარჯვათ, ვისიც მათ სჯეროდათ.
როგორც მე კამპანიის დროს ვთქვი, ბოლო წლებში, ამერიკამ რთული პერიოდი გამოიარა - ისტორიული პანდემიითა და ამით გამოწვეული ფასების ზრდით დაწყებული, დამთავრებული სწრაფი ცვლილებებითა და შეგრძნებით, რომ რაც არ უნდა გააკეთო, ერთ ადგილზე დარჩები და წინ ვერ წახვალ. ამ პირობებმა შექმნა დაბრკოლებები დემოკრატებისთვის მსოფლიოს გარშემო და გასულ ღამეს ვნახეთ, რომ ამისგან ამერიკაც არ არის დაცული.
კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ეს პრობლებები გადაჭრადია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ერთმანეთს მოვუსმენთ და მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ დავიცავთ იმ მთავარ კონსტიტუციურ პრინციპებსა და დემოკრატიული ნორმებს, რომლებმაც ეს ქვეყანა დიდებული გახადა.
ქვეყანაში, რომელიც ასეთი დიდი და მრავალფეროვანია, ყოველთვის ერთნაირად ვერ დავინახავთ ყველაფერს. მაგრამ, პროგრესისთვის საჭიროა, რომ გამოვხატოთ კეთილი ნება და წესიერება - იმ ხალხის მიმართაც, რომლებსაც ძალიან არ ვეთანხმებით. ასე მოვედით აქამდე და ასე გავაგრძელებთ იმ ქვეყნის მშენებლობას, რომელიც უფრო სამართლიანი, უფრო თანაბარი და უფრო თავისუფალია" – ვკითხულობთ ბარაკ ობამას წერილში.
ბოლო მონაცემებით, ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 292, ხოლო ჰარისს 224 ხმა აქვს. არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა 270 ხმა.
რესპუბლიკელების კანდიდატმა უკვე დადასტურებულად გაიმარჯვა 7 მერყევი შტატიდან 5-ში: პენსილვანიაში, ჯორჯიაში, ვისკონსინში, ჩრდილოეთ კაროლინასა და მიჩიგანში. ხმების დათვლა გრძელდება ნევადაში, არიზონასა და ალასკაში, რომელთაგან ყველაში დონალდ ტრამპი ლიდერობს.
ტრამპი პირველი ვადით პრეზიდენტი 2016 წელს გახდა, თუმცა, 2020-ში ჯო ბაიდენთან დამარცხდა. დღევანდელი ისტორიული გამარჯვებით, ტრამპი გროვერ კლივლენდის შემდეგ ამერიკის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, რომელიც არჩევნების დამარცხების შემდეგ კვლავ გახდა პრეზიდენტი.