დონალდ ტრამპი

ტრამპი კვლავ ბრალდებულია - ამჯერად საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვისთვის

დონალდ ტრამპი

CNN-ის ცნობით, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების მითვისებისა და უკანონოდ შენახვის საქმეზე ბრალი წარუდგინეს. ვრცელდება ფედერალური პროკურატურის 49-გვერდიანი ოქმი, რომელშიც ტრამპის ბრალდებების სრული ჩამონათვალია მოცემული. 

ოქმის თანახმად, ტრამპს 37-მდე დარღვევაში ედება ბრალი. მათგან 31 ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის განზრახ უკანონოდ შენახვას ეხება. საიდუმლო დოკუმენტების განზრახ მითვისების გარდა, გამოკვეთილია მართლმსაჯულების შეფერხების მიზნით, დოკუმენტების გადამალვის, ფედერალური გამოძიებისთვის დოკუმენტის განზრახ არ გამჟღავნების ბრალდებებიც. 

გასაჯაროებული ოქმიდან ირკვევა, რომ ტრამპის მიერ უკანონოდ შენახული დოკუმენტები შეიცავდა ინფორმაციას ისეთ საკითხებზე როგორებიცაა, აშშ-სა და სხვა ქვეყნების სადაზვერვო მონაცემები, თავდაცვისა და იარაღის შესაძლებლობების, მათ შორის ბირთვული შეიარაღების შესახებ ანგარიშები, თავდასხმის შემთხვევაში, მობილიზაციის გეგმები.

ოქმის თანახმად, იკვეთება დოკუმენტებთან მიმართებაში  ტრამპის უდიერი დამოკიდებულება. ისინი ყოფილი პრეზიდენტის ფლორიდის რეზიდენციაში შეუსაბამო ადგილებში იყო მიმოფანტული, როგორებიცაა სამეჯლისო ოთახი, აბაზანა, საძინებელი, საწყობი და საოფისე სივრცე.

"ყველას მოვუწოდებ, რომ სრულად გაეცნონ [ოქმს], რათა გაიაზრონ ბრალდებების მასშტაბი და სიმძიმე". - აღნიშნა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა ტრამპის საქმესთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ის ყველანაირად ეცდება, რომ სასამართლო პროცესი სწრაფი ტემპით წარიმართოს. 

საქმე ეხება FBI-ის მიერ დონალდ ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაში ასობით საიდუმლო დოკუმენტის აღმოჩენას. 2022 წელს ტრამპის თანაშემწეებმა მთავრობას 222 კლასიფიცირებული დოკუმენტი გადასცეს. თუმცა, ტრამპის ფლორიდაში მდებარე რეზიდენციის ჩხრეკის დროს, FBI-მ დამატებით 103 საიდუმლო დოკუმენტი, მათ შორის, 18 "სრულად საიდუმლოდ" კლასიფიცირებული დოკუმენტი ამოიღო.

მანამდე ტრამპის ადვოკატზე, დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია,რომ ყოფილ პრეზიდენტს შესაძლოა ბრალი 7 მუხლით წაუყენონ.  ჯიმ თრასის თქმით, ტრამპისთვის ბრალი შესაძლოა ჯაშუშობის მუხლითა და გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და ყალბი ჩვენებების მიცემისთვის წარედგინათ.

ტრამპი აღნიშნულს სოციალურ მედია "Truth Social"-ში გამოეხმაურა.

"მე უდანაშაულო ვარ!". – წერდა ტრამპი.

ყოფილი პრეზიდენტი მაიამის ფედერალურ სასამართლოში 13 ივნისს გამოცხადდება

აქამდე, 9 მაისს, ნიუ იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი ამერიკელი ჟურნალისტის, მწერლისა და ჟურნალ Elle-ს ყოფილი მიმომხილველის, 79 წლის ელიზაბეთ ჯინ ქეროლის სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო, თუმცა სასამართლომ არ დაადგინა, რომ ტრამპმა ჟურნალისტი გააუპატიურა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს.

ამ სამოქალაქო საქმის გამო ტრამპს დაკავება არ ემუქრება, კეროლი მიყენებული ზიანისთვის მხოლოდ [დაუზუსტებელი რაოდენობის] ფინანსურ ანაზღაურებას ითხოვდა. 

ცხრა წევრისგან შემდგარმა მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტრამპს დაახლოებით 5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

კომენტარები