რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება კახოვკის კაშხლის აფეთქებაზე: ეს არის ომის საზარელი დანაშაული

რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ეხმაურება

"რუსეთმა გაანადგურა კახოვკის კაშხალი, რითაც, სავარაუდოდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპის უდიდესი ტექნოლოგიური კატასტროფა გამოიწვია და ათასობით მოქალაქის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. ეს არის ომის საზარელი დანაშაული. 21-ე საუკუნის უდიდესი ტერორისტის, რუსეთის შეჩერების ერთადერთი გზა მისი უკრაინიდან გაგდებაა". – წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.

რუსეთი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. არსებობს მიმდებარე რაიონების, განსაკუთრებით მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატბორვის საფრთხე. 

უკვე გავრცელდა კადრები, რომლებშიც რამდენიმე დატბორილი დასახლება ჩანს.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, ადგენენ, რომელი რაიონებია დატბორვის საფრთხის პირისპირ. მობილიზებულია პოლიცია და გადაუდებელ ვითარებათა სამსახური. მისივე თქმით, სახიფათო რაიონებიდან ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო.

გავრცელებული კადრებიდან ერთ-ერთი გადაღებულია დნეპრის მარცხენა სანაპიროდან, რომელიც ოკუპირებულია. ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ არ ყოფილა სარაკეტო იერიში. კიდევ ერთ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს წყალქვეშა აფეთქება.

კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვისაც. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომარაგებისთვისაც.

კომენტარები