ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

კადრი ფორმულას ვიდეო მასალიდან

თბილისის აქციის პარალელურად, ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციაზე - დაიცავი გამოხატვის თავისუფლება, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. 

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება ბანერების გამო დაიწყო, რასაც მოგვიანებით მოქალაქეების დაკავება მოჰყვა. როგორც ცნობილია, დაკავებულთა შორის არასრულწლოვანებიც არიან.  

აქციის მონაწილეები 2 ივნისს მშვიდობიანი პროტესტის მიმდინარეობისას მოქალაქეებისთვის ბანერების წართმევასა და მათ დაკავებას აპროტესტებდნენ. პროტესტის მიზანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დაგმობა იყო. 

2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ მოქალაქეები დააკავა. მანამდე, სამართალდამცველები ცდილობდნენ, აქტივისტებისთვის წაერთმიათ ბანერები, რომლებზეც "ირაყლი" ეწერა. დაკავებულთა შორის არიან იურისტები, ედუარდ მარიკაშვილი და შოთა თუთბერიძე (მოგვიანებით თუთბერიძე ხელწერილით გაათავისუფლეს). ადგილზე მყოფების ცნობით, რომ ედუარდ მარიკაშვილს ხელში ცარიელი ფურცელი ეჭირა.

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას ყოველდღიურად მართავენ. ისინი აპროტესტებენ ქართული ოცნების მმართველობას, ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშორისო ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლებს და ითხოვენ ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას. 

"დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" – დღეს, 3 ივნისს, 21:00-ზე აქცია კვლავ პარლამენტის წინ გაიმართება

კომენტარები