რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში, სმოლენსკისა და კურსკის ოლქებს გვიან ღამით დრონებით დაესხნენ თავს

რუსეთში, სმოლენსკისა და კურსკის ოლქებს გვიან ღამით დრონებით დაესხნენ თავს. შესაბამის ინფორმაციას ოლქების გუბერნატორები Telegram-ის საშუალებით ავრცელებენ.

სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ვასილი ანოხინის ინფორმაციით, ღამის 3 საათისთვის დრონებით თავადასხმა სმოლენსკის ოლქის ორი სოფლის სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსზე,  გაზისა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა. ანოხინის ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის ცნობით, გუშინ ღამით მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

გუშინ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები ასევე განხორციელდა ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებშიც. ბელგოროდის ოლქში დრონის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაშავდა.


ცნობები აფეთქების შესახებ გავრცელდა მას შემდეგ, რაც 1-ელ ივნისს რუსული მოხალისეთა კორპუსის (РДК) მებრძოლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. მათ საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნეს სამხედროების ფოტოები წარწერით: "ვმუშაობთ, თვალი ადევნეთ სიახლეებს!". ამას გარდა, მათივე ცნობით, შებეკინოსთან ბრძოლები უკვე მიმდინარეობს.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში, "უკრაინული ტერორისტული ფორმირებების" მიერ საზღვრის დარღვევის მცდელობა აღკვეთეს და მათი თავდასხმა მოიგერიეს. მათივე მტკიცებით, მოკლეს მოწინააღმდეგის 30 სამხედრო.

BAZA-ს ინფორმაციით, შებეკინოს დასახლება გასულ ღამეს მძიმე დარტყმების ქვეშ იყო და ერთი ჭურვი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტსაც მოხვდა. მოსახლეობის ნაწილმა ევაკუაცია გასულ ღამეს დაიწყო.

РДК-ს ლიდერმა, დენის კაპუსტინმა ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ისინი მშვიდობიან მოსახლეობას არ ერჩიან. მისი თქმით, მათი ევაკუაცია არ შეუძლიათ, რადგან რუსეთის ძალები ამ ტერიტორიას ბომბავენ. კაპუსტინმა დასახლების მაცხოვრებლებს მოუწოდა,  რომ სახლები არ დატოვონ.

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებდნენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებდა კადრებს, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული იყვნენ საბრძოლო მანქანებით. ასევე, ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ტანკიც ჩანს, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება შეესაბამება თუ არა ეს კადრები რეალობას. ასევე, РДК-ს ინფორმაციით, მათ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მოჰპარეს ჯავშანტრანსპორტიორი.

22 მაისს პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.

უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.

პირველად 2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებებიჩაატარა.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, გაანადგურეს 70-ზე მეტი დივერსანტი. როგორც ირწმუნებიან, "კონტრტერორისტული ოპერაციის" ფარგლებში, ავიაციის, არტილერიისა და დამატებითი სამხედრო ძალების მეშვეობით, გზა გადაუჭრეს და გაანადგურეს "ნაციონალისტების" ჯგუფები, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნება შეძლო, მათი მიმართულებით გააგრძელეს სროლა, "სრულ ლიკვიდაციამდე".

კომენტარები