საქართველოს პრეზიდენტი

დიდი ხანია, ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს – პრეზიდენტი პროტოკოლის დარღვევაზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, პროტოკოლი დაირღვა და სახელმწიფო უწყებების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მისი ადგილი არასწორად იყო განსაზღვრული. 

"მინდა დავიწყო პატარა რაკურსით, რადგან ვიმყოფები ამ არაჩვეულებრივ ახალ, განახლებულ შენობაში, სადაც დღეს საგარეომ დაიმკვიდრა ადგილი და ეს [ღონისძიება] ორგანიზებულია საგარეოს მიერ. არ შეიძლება არ ვთქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის რომ მე ასე მინდა - სკამი იქით დამიდეთ, ან გადადექი, ჩაიჩოჩე-ჩამოიჩოჩე და ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის დარღვევა პროტოკოლის. და პროტოკოლი არის სხვა რამე კი არა, სახელმწიფოს საყრდენი. თუ არა იწყება, გაუთავებელი - მე პირველი ვარ, შენ მეორე და ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. მე არაფერი არ მწყინს დიდი ხანია ამ ქვეყანაში და ამითი ვერავინ ვერ მაწყენს, მაგრამ მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილია პრეზიდენტის. არ შეიძლება, 26 მაისს თავდაცვის მინისტრმა ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს". - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი. 

მანამდე, 26 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ელჩების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილის არმისვლასთან დაკავშირდებით განცხადებაში აღნიშნა, რომ კონფერენციაზე საყოველთაოდ აღიარებული სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლი დაარღვიეს. 

"სამწუხაროა რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიცემული განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა" - ასე გამოეხმაურა ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და დამატებით აღნიშნა, რომ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე თანამდებობის პირთა განლაგების წესი, რომელიც პრეზიდენტმა გააკრიტიკა, მსოფლიოშია აღიარებული.  

კომენტარები