სანამ რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზეა, მოლაპარაკებებს ვერ გვაიძულებენ – ერმაკი

ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა თქვა, რომ შეუძლებელია, უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკება აიძულონ, ვიდრე მტრის ჯარი უკრაინის ტერიტორიაზეა. 

"ეს არის ის, რაც მე ჩინელ და ბრაზილიელ წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ არ არსებობს ისეთი ძალა, რომელიც უკრაინის საზოგადოებას და ხელმძღვანელობას აიძულებს, დღეს რუსებთან ისაუბრონ - სანამ ჩვენს ტერიტორიაზე რუსული ჯარებია". - თქვა მან Interfax-თან ინტერვიუში. 

ერმაკის თქმით, ყველა იმ ადამიანმა, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში დარჩა, საკუთარი თავისთვის არჩევანი გააკეთა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ჩვენ არ გავჩერდებით. ვისაც სჯერა, რომ არის რაღაც, რამაც შეიძლება დღევანდელ პირობებში რუსეთთან მოლაპარაკება გვაიძულოს, მცდარია“. - აღნიშნავს ერმაკი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბრაზილიისა და ჩინეთის წარმომადგენლებთან "საკმაოდ გულწრფელი საუბარი" ჰქონდა.

"გულწრფელად ვუთხარი ორივეს, რომ უკრაინა ძალიან მადლიერია მონაწილეობის სურვილისთვის, რეაქციისთვის, მაგრამ უკრაინას თავისი სამშვიდობო გეგმა აქვს, რაც ჩვენ მიგვაჩნია სამართლიანად - ვინაიდან ომი ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარეობს, უკრაინული გეგმა უნდა იყოს მოგვარების საფუძველი [...]

ჩვენი მეორე პოზიცია, რომელიც ჩინეთისა და ბრაზილიის წარმომადგენლებს გავაგებინეთ: ჩვენ მედიაციის წინააღმდეგ ვართ. ყველას გვახსოვს ნორმანდიის ფორმატი. ზუსტად ორი წელი გავატარე მასში. შემიძლია ვთქვა, რომ ასე ვისხდეთ და ვუყუროთ, თუ როგორ განვიხილავდით იქ რუსებთან რაღაცას ამაღლებულ ტონებზე - ეს ყველაფერი არ მუშაობს". - ამბობს ერმაკი.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას ომი არ დაუწყია და, შესაბამისად, მათ რუსული მიწა არ სჭირდებათ. "ჩვენ ვიბრძვით საკუთარი თავისთვის. მაგრამ ჩვენ არ გვექნება ტერიტორიული კომპრომისები". - დასძინა მან.

კომენტარები