სახალხო დამცველი

2022-ში ადამიანის უფლებების დაცვა რიგი მიმართულებებით გაუარესდა – ომბუდსმენის ანგარიში

სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს პარლამენტში 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტი 347 გვერდიანი 31 თავისა და 2 დანართისგან შედგება. დოკუმენტი წინა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას აპარატის მიერ შედგენილი ბოლო ანგარიშია.

დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა.

სახალხო დამცველის ცნობით, უარყოფით მოვლენებს შორის უდავოდ უნდა განიხილებოდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება. ასევე, ხაზგასმულია, რომ საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად შემუშავებული წინაპირობები სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებასთან დაკავშირებით. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შედეგად, არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა მიმდინარეობს და არც სასამართლო კანონმდებლობის დახვეწისა და ხარვეზების აღმოფხვრის პროცესი.

ნეგატიურ მოვლენათა შორის სახალხო დამცველი ასევე გამოარჩევს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება (2022 წელს) და შემდგომ მისი ინიცირება.

"კვლავ გამოწვევად რჩება პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება. არაერთი გამოძიების პროცესში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც არ შეესაბამება ეფექტიანი გამოძიების კრიტერიუმებს, ან იკვეთება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მაგალითად, აშკარა პოლიტიკური ელფერი ჰქონდა ნიკა გვარამიას და ასევე, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.

ბოლო წლებში ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების უფრო მეტად შეზღუდვის ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ნივთის დაზიანება, თავდასხმა, დევნა, მუქარა, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა, სავარაუდო არაკანონიერი მიყურადება. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს აღრმავებს ასევე, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში გატარებული ცვლილებებიც, რასაც მედია ორგანიზაციების და მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენილი სარჩელების სიმრავლეც ადასტურებს". – ნათქვამია ანგარიშში.

ომბუდსმენის ცნობით, 2022 წელს კვლავ ადგილი ჰქონდა შეკრების უფლების შეზღუდვას. გრძელდებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავება წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მიზეზით.

"ეს პრაქტიკა 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება და იგი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს". – ვკითხულობთ დოკუმენტში.

სახალხო დამცველის შეფასებიღ, დემოკრატიული სივრცის შეზღუდვის ფონზე განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2022 წლის 6 სექტემბერს შეტანილი ცვლილებები (ე.წ. მოსმენების კანონი), რომლითაც საგამოძიებო უწყებებს შესაძლებლობა მიეცა უფრო ხანგრძლივად ჩაატარონ ფარული საგამოძიებო მოქმედებები, უფრო მეტი დანაშაულის ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობისას.

აპარატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო და გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაბარება არ შეესაბამება არსებულ საკანონმდებლო მოწესრიგებას.

"პენიტენციური სისტემა პატიმრების სხვადასხვა მეთოდებით გაჩუმებაზეა ორიენტირებული. ამ მხრივ უმთავრესი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა. დღემდე შეუსრულებელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურის დაძლევის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით". – ვკითხულობთ დოკუმენტში.

სახალხო დამცველის შეფასებით, დიდი ზომის დაწესებულებების კონტექსტში მნიშვნელოვანია ნინოწმინდის პანსიონის საქმე, რომელიც პანსიონში ბავშვის უფლებათა სისტემურ დარღვევებს, არასრულწლოვანთა მიმართ წლების განმავლობაში დამამცირებელ, არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობას შეეხება. სამწუხაროდ, გამოძიების პროცესში მნიშვნელოვანი და არსებითი ხარვეზებია. რიგ შემთხვევებში, 2016 წელს დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დღემდე გრძელდება და პასუხისგებაში არავინ მიცემულა.

"ნეგატიური მოვლენაა, რომ წლებია არ გაუმჯობესებულა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული ვითარება, და არც შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება.

მნიშვნელოვანი გამოწვევაა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები და შშმ ქალებისათვის. ჯერ კიდევ არის შეუსაბამობები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციით გათვალისწინებულ სტანდარტებთან (მაგალითიც სს კოდექსში გაუპატიურების პრობლემური ჩანაწერი). კვლავ არ დამტკიცებულა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები". – ვკითხულობთ ანგარიშში.

ომბუდსმენის შეფასებით, სიღარიბე, და განსაკუთრებით ბავშვთა სიღარიბე კვლავ ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვანების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა და 330 148 შეადგინა. ბავშვთა სიღარიბის მზარდი ტენდენციის მიუხედავად, სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ შეუმუშავებია მისი შემცირების ეფექტიანი მექანიზმი.

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით კვლავ პრობლემურია ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა, სკოლის პერსონალისა და მშობლების ინფორმირებულობა ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით, დასაქმების სირთულეები, დამსაქმებლების მხრიდან სტიგმის შემცველი დამოკიდებულება; სხვადასხვა დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა. მათ შორის, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საბჭოების საქმიანობა.

კვლავ არ შემუშავებულა უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა. არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში – ადგილობრივ მონაცემთა ბაზები". – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახალხო დამცველის ცნობით, ერთ-ერთ ყველაზე გარიყული და დაუცველი ჯგუფის – ხანდაზმულთა 36% სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული. ამასთან, დღემდე არ შემუშავებულა ე.წ. ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილთა განსახლების სპეციალური წესები. 2022 წლის ბოლოსთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ 35 ობიექტში 716 ოჯახი ცხოვრობს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება მოქალაქეთა უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობა: ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს, საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 42, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით –13 პირი დააკავეს. დაფიქსირდა უკანონო "ბორდერიზაციის" 69 შემთხვევა. უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი, რის გამოც, ორივე რეგიონში ყოველწლიურად იკლებს მოსწავლეთა რაოდენობა. ქართულ ენაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, მშობლებს მუდმივი საცხოვრებლის დატოვება და შვილების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა უწევთ.

კომენტარები