აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

ლაზარეს თავისუფლებისთვის – 1 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება

ხვალ, პირველ აპრილს ევროპული საქართველო და პარტნიორი ორგანიზაციები დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას გამართავენ. რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 20:00-ზე დაიწყება.

"ლაზარე გრიგორიადისი ხელისუფლებამ შეარჩია იმ ნიშნით, რომ მისი სტილის გამო, მისი დემონიზება იოლი იქნებოდა. 

ლაზარეს დაკავება მინიმუმ შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ სჯის და პუტინისტ მოძალადეებს, რომელიც პოლიციას ქვებს ესვრის ხოლმე, უბრალოდ აჯარიმებს. 

მარტის აქციების დროს ქართველმა ხალხმა წარმატებას მიაღწია და ხელისუფლებას, ამ ეტაპზე მაინც, ხელი ააღებინა უცხო გავლენის შესახებ რუსული კანონის მიღებისგან, არ შეიძლება, ამ უკანდახევით გამოწვეული ბრაზი ლაზარეზე გადავატეხინოთ. 

ყველამ უნდა გადავარჩინოთ ის, ვისაც რუსეთის გამო მსხვერპლად სწირავენ!

მისი დაჩაგვრა არ უნდა დავუშვათ" - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.


პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


"ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს", "გზას აცდენილი კაცი" - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაკავებულზე. მისი მტკიცებით, გრიგორიადისი დაკავშირებული "ბოლშევიკურ ტროიკასთან" - ელენე ხოშტარიასთან, ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან. ქართული ოცნების თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ელენე ხოშტარია. 

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

9 მარტს დილით გავრცელდა ქართული ოცნების განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კანონპროექტს უპირობოდ გაიწვევდნენ. 10 მარტს კი, პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები