აშშ-რუსეთი

კირბი ამერიკული დრონის ჩამომგდებ რუს პილოტზე: საუკეთესო შემთხვევაში, იდიოტია

მარცხნივ - ჯონ კირბი, მარჯვნივ - აშშ-ს დრონის მიერ გადაღებული ბოლო კადრები, სანამ მას რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდებდა

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ "საუკეთესო შემთხვევაში იდიოტი" უწოდა რუს პილოტს, რომელმაც შავი ზღვის თავზე ამერიკული დრონი ჩამოაგდო და ამისთვის რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ სიმამაცისთვის დააჯილდოვა.

ჯონ კირბიმ, რომელიც აშშ-ს სამხედრო ფლოტის ადმირალი იყო, ეჭვქვეშ დააყენა, თუ რას უწოდებენ რუსეთში სიმამაცეს.

"არ ვიცი მსოფლიოში სხვა არმია, სხვა საჰაერო ძალები, რომელიც პილოტს დრონზე შეჯახებისთვის დააჯილდოებს. ეს თუ სიმამაცეა, როგორც ვხვდები, სხვა განმარტება ჰქონიათ. ეს სისულელეა, შეურაცხმყოფელია. არ ვიცით, პილოტი განზრახ თუ აპირებდა დრონზე შესკდომას, მაგრამ მან ეს გააკეთა. ვიდეო სამხილი საკმაოდ დამაჯერებელია. როგორც არ უნდა იყოს, სამხედრო ფლოტში, რომელშიც გავიზარდე, არაფერს უნდა შესჯახებოდი, შეჯახება შენთვის ცუდია. ბოდიში, ხელებიც ამიწევია, წარმოდგენა არ მაქვს რატომ მისცეს სიმამაცის ჯილდო პილოტს, რომელიც, უარეს შემთხვევაში ბოროტად აგდებდა საფრთხეში საკუთარ თავსა და აშშ-ს საკუთრებას და საუკეთესო შემთხვევაში იდიოტი იყო". – თქვა კირბიმ. 

აშშ-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსული ავიაგამანადგურებელი მათ დრონს აზიანებს


აშშ-ს ევროპული სარდლობის ინფორმაციით, 14 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო წყლების თავზე ამერიკულ MQ-9 ტიპის უპილოტო საფრენ აპარატს რუსული ავიაგამანადგურებელი Су-27 შეეჯახა. შედეგად, ამერიკული დრონი შავ ზღვაში ჩამოვარდა.

უწყების ცნობით, ორმა რუსულმა Су-27-მა "შეასრულა სახიფათო და არაპროფესიონალური გზის გადაჭრის" მცდელობა აშშ-ს საჰაერო ძალების დაზვერვის დრონის, MQ-9-ის წინააღმდეგ, როდესაც უპილოტო საფრენი აპარატი შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო ზონაში დაფრინავდა.

აშშ-მ თქვა, რომ MQ-9 Reaper-ის ტიპის დრონი შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში ჩააგდეს, მას შემდეგ, რაც რუსულმა ავიაგამანდგურებელმა უპილოტო აპარატს საწვავი შეაფრქვია, სავარაუდოდ ოპტიკური სისტემების დასაზიანებლად, შემდეგ კი პროპელერს დაეჯახა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, დრონი საკუთარი "მკვეთრი მანევრირების" შედეგად ჩამოვარდა და მათი თვითმფრინავი აპარატს არ დასჯახებია.

აშშ-ს პენტაგონმა გამოაქვეყნა 14 მარტის შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აფრქვევს საწვავს რუსული ავიაგამანადგურებელი Су-27 ამერიკულ MQ-9 ტიპის უპილოტო საფრენ აპარატს.

ორი პილოტი, რომელიც ამერიკულ დრონს აედევნა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ სიმამაცისთვის დააჯილდოვა.

კომენტარები