საქართველო-NATO

იენს სტოლტენბერგის ანგარიში: საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია

იენს სტოლტენბერგი 
Yves Herman/Reuters

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ანგარიშში გასული წლის მიმოხილვა საქართველოს საკითხსაც ფარავს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2008 წლის ბუქარესტისა და 2022 წლის მადრიდის სამიტის შეთანხმებისამებრ, მოკავშირეები კვლავაც განაგრძობენ საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას, ამ ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების მიზნით.

"საქართველო, რომელიც NATO-ში გაწევრიანებას ესწრაფვის, NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრი ხელს უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების კუთხით გამოწვევას წარმოადგენს და ეს მნიშვნელოვნად მოქმედებს საქართველოზეც.

საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობისთვის NATO-ს მთავარ ინსტრუმენტს NATO-საქართველოს პაკეტი წარმოადგენს. NATO-ში გაწევრიანებისთვის მზაობის შექმნის მიზნით, 2022 წელს მან ქვეყნის თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით იმუშავა". - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აპრილში მოკავშირეები ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების გაზრდაზე შეთანხმდნენ, რათა მათ ინსტიტუტების გაძლიერებაში, შესაძლებლობების განვითარებასა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვაში დაეხმარონ.

კომენტარები