რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაზპრომი საკუთარ კერძო სამხედრო კომპანიას ქმნის

რუსული ბუნებრივი აირის კომპანია გაზპრომი საკუთარ კერძო სამხედრო კომპანიას შექმნის. რუსეთის მთავრობამ გაზპრომის შვილობილ ნავთობკომპანიას, გაზპრომ ნეფტს მისცა ნება, შექმნას საკუთარი კერძო დაცვის კომპანია, როგორც თავად ამბობენ, იმისთვის, რომ საკუთრებაში არსებული ობიექტები დაიცვან. 

გასაჯაროებული საბუთის მიხედვით, კომპანიის 70%-ის მფლობელი გაზპრომ ნეფტი იქნება, 30%-ის კი დაცვის კერძო ორგანიზაცია სტაფ-ცენტრი.

2022 წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საწვავისა და ენერგოობიექტების დაცვის მოთხოვნებს ამკაცრებდა. ამ კანონის ფარგლებში, ენერგოკომპანიებს ეძლევათ უფლება საკუთარი შვილობილი კომპანიების ობიექტების დასაცავად შექმნან "დაცვის კერძო ორგანიზაციები", გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს შეფასებით, ამ კომპანიის შექმნა მიუთითებს, რომ რუსეთში მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის "შეიარაღების რბოლა" მიმდინარეობს.

"ენერგეტიკული მონოპოლიური გაზპრომ ნეფტი საკუთარ კერძო სამხედრო კომპანიას ქმნის. შესაბამის ბრძანებას ხელი რუსეთის ფედერაციის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა. ამგვარად, რუსეთის ფედერაციაში გრძელდება "შეიარაღების რბოლა" მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის, რომლებიც აქტიურად ქმნიან კერძო არმიებს, ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მაგალითზე". – წერს უკრაინის სამხედრო დაზვერვა.

კომენტარები