მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

პოლონეთი წერილს ამზადებს, თუ სააკაშვილს სამკურნალოდ გაუშვებენ, პოლიტიკაში არ ჩაერევა – Polskie Radio

პოლონეთი მზადაა, მიიღოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ და ევროკავშირში ხელმოწერებს აგროვებს, რათა საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლების თაობაზე მიმართოს. ამის შესახებ პოლონეთის საზოგადოებრივი რადიო წერს.

კერძოდ, Polskie radio-ს ბრიუსელის კორესპონდენტის ბეატა პლომეცკას ინფორმაციით, პოლონეთის ინიციატივის შესახებ წერილი თბილისში ხუთშაბათს, ევროკავშირის სამიტამდე უნდა გაიგზავნოს.  წერილი უნდა შეიცავდეს დეკლარაციას, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობის ნებართვას მიიღებს და საქართველოს დატოვებს, ის ასევე დატოვებს საზოგადოებრივ ცხოვრებას და არ ჩაერთვება პოლიტიკურ საქმიანობაში მანამ, სანამ ევროკავშირის ტერიტორიაზე იქნება,

პოლონეთის რადიოს ცნობით, წერილში იქნება საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის გარანტია, თუმცა, ასევე დრამატულად შეფასდება ექსპრეზიდენტის მდგომარეობა.

"თუ მიხეილ სააკაშვილი მოკვდება, მისი სიკვდილი ჩრდილს მიაყენებს საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან, აშშ-სთან და ნატოსთან“, - ნათქვამია წერილის ფრაგმენტში, რომელიც Polskie radio-ს ინფორმაციით, მათმა ბრიუსელის კორესპონდენტმა ნახა. 


თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასჯელისგან არ გაათავისუფლა. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არც გადაუვადდება. 

ექსპრეზიდენტის ადვოკატები ითხოვდნენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაეშვათ. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დაცვის მხარე საჩივარს ევროსასამართლოში გაგზავნის.

რამდენიმე თვეა, ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ მას ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესებს. იგივე განცხადებებს აკეთებენ მისი ოჯახის წევრები.

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ "ვერაფერი გამტეხავს!  ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა! ყველა ძალის გაერთიანების დროა!  ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!",

კომენტარები