რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთი დამატებით Caesar-ის ტიპის 12 ჰაუბიცას უკრაინაში გაგზავნის

საფრანგეთი უკრაინაში დამატებით Caesar-ის ტიპის 12 ჰაუბიცას გაგზავნის. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ ისაუბრა

პარიზში, უკრაინელ კოლეგასთან, ოლექსი რეზნიკოვთან ერთად გამართულ კონფერენციაზე ლეკორნუმ თქვა, რომ საფრანგეთთან ერთად, უკრაინაში ფრანგული წარმოების 19 ჰაუბიცას დანიაც გაგზავნის. 

ლეკორნუს თქმით, საფრანგეთის ერთ-ერთი პრიორიტეტი უკრაინელი სამხედროების წვრთნებია, რის გამოც ქვეყანა ზაფხულში პოლონელ ჯარისკაცებთან ერთად, 2 000 უკრაინელ სამხედროს მიიღებს. 

კითხვაზე, გაგზავნის თუ არა საფრანგეთი საბრძოლო თვითმფრინავებს უკრაინაში, ლეკორნუმ თქვა, რომ ეს გამორიცხული არ არის, თუმცა, პარიზისთვის მნიშვნელოვანია სამი რამ: გადაცემულმა იარაღმა არ უნდა შეასუსტოს საფრანგეთის თავდაცვის ძალები, იარაღი უნდა იყოს უკრაინელებზე მორგებული, რათა მათ გამოყენება შეძლონ და გადაცემული იარაღი სამხედროებმა მხოლოდ თავდაცვისთვის უნდა გამოიყენონ. 

რეზნიკოვმა კი დასძინა, რომ მან ფრანგ კოლეგასთან საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდისთვის გადამწყვეტია.

"მე ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ ეს [თვითმფრინავების გადაცემა] მალე მოხდება. ერთი წლის წინ, როდესაც ვაშინგტონში ვიყავი, რაკეტების გადაცემაზე ვიკითხე და მიპასუხეს, რომ ეს შეუძლებელი იყო. ერთი წლის შემდეგ, ეს შესაძლებელია". - ამბობს რეზნიკოვი. 

კომენტარები