ენმ

"ნაციონალური უძრაობიდან ნაციონალურ მოძრაობამდე" – ხაბეიშვილმა 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

"ნაციონალური უძრაობიდან ნაციონალურ მოძრაობამდე" - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის "გაძლიერების 12-პუნქტიანი გეგმა" წარადგინა.  

გეგმა მოიცავს: 

  1. ენმ-ში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტის შექმნას.  
  2. პირველ 100 დღეში - პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაციას. ხაბეიშვილის თქმით, ენმ-ს გენერალური მდივანი მისი გამარჯვების შემთხვევაში პეტრე ცისკარიშვილი იქნება. 
  3. 100 დღეში - თბილისის საქალაქო ორგანიზაციის განახლება-გაძლიერებას. ხაბეიშვილის შეფასებით, თბილისის პარტიული ორგანიზაცია დღეს მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ, მისივე სიტყვებით, რაიონული ორგანიზაციები იქნება არჩევითი და მას აირჩევს საქალაქო ორგანიზაციის კონფერენცია.  
  4. ძლიერ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ენმ-ში, რომელიც, ხაბეიშვილის შეფასებით, ამ დროისთვის "ქმედითუუნაროა". მისივე სიტყვებით, ენმ "ახალი თაობის სამჭედლო უნდა იყოს" და პოლიტიკური სკოლის გახსნას აპირებენ. 
  5. რეგიონული ინსფრასტრუქტურის გამართვას, ძლიერ რაიონულ ორგანიზაციებს. ხაბეიშვილის თქმით, რაიონული კონფერენციები აირჩევენ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს.  
  6. ენმ-ს საკრებულოს წევრების ბაზაზე კონგრესის ჩამოყალიბებას. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ეს ორგანიზაცია მუდმივმოქმედი გახდება, მისი კარი კი ყველა ოპოზიციური პარტიისთვის იქნება ღია. 
  7. არჩეული მოქნილი პოლიტიკური საბჭოს შექმნას.
  8. ქალების აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აქტიურ წარმომადგენლობას პარტიულ ინფრასტრუქტურაში. ხაბეიშვილის სიტყვებით, უახლოეს დღეებში წარადგენენ 100-დღიან სტრატეგიას, თუ როგორ უნდა იყვნენ ქალები ჩართული პარტიულ ცხოვრებაში კიდევ უფრო აქტიურად. 
  9. პროექტს ემიგრანტების ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მისი თქმით, გამარჯვების შემდეგ ენმ-ის მხარდამჭერ ემიგრანტებს აღრიცხავენ. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ემიგრანტებს ენმ-ს პოლიტსაბჭოში წარმომადგენელი უნდა ჰყავდეთ და საპარლამენტო სიის შედგენის დროს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, წარმოდგენილნი იყვნენ ენმ-ს სიაში.  
  10. ენმ-სთან "ზეპარტიული სათათბიროს" ჩამოყალიბებას. ხაბეიშვილის სიტყვებით, იმუშავებენ ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის პეროფესიონალებთან, რათა საზოგადოებას კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები შესთავაზონ. 
  11. გამჭვირვალე ბიუჯეტსა და პროექტულ დაფინანსებას - მისი სიტყვებით, ენმ-ში ბიუჯეტის განკარგვა პროექტულად მოხდება. 
  12. პირველ 100 დღეში ენმ-ს ყრილობის მოწვევას. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ყრილობა საჯარო პირობებში დაამტკიცებს ყველა ახალ ცვლილებას, რომელიც "ახალ სუნთქვას გაუხსნის" პარტიას. 

"ჩემო ძვირფასებო, ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებამდე დარჩა სულ რაღაც 2 დღე და მე ვებნები ყველას, მათ შორის, ჩემს ოპონენტებს და ოპონენტების მხარდამჭერებს - არ ვაპირებთ ვინმეს სადმე გაგდებას, არ ვაპირებთ დაყოფას, არ ვაპირებთ, ვინმეს რამეზე პასუხი მოვთხოვოთ. გამარჯვებისთანავე ვუწვდი ყველას თანამშრომლობის ხელს - ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი საქმე და ეს საქმე არის რუსი ოლიგარქის დამარცხება, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება, ნიკა გვარამიას თავისუფლება და ჩვენი პოლიტპატიმრების თავისუფლება.  

ყველამ კარგად უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ერთად მოგვიწევს ბრძოლა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და არავინ არცერთ თანამდებობას არ დატოვებს". - თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. თავდაპირველად, კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა

გიორგი მუმლაძის თქმით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიზანი "უუნარო მელიას ჩამოცილებაა". მუმლაძე ამბობს, რომ მისი თავმჯდომარეობის შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით "მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები გაიხსნება".

ლევან ხაბეიშვილი აზრით, ენმ-ს "გადახალისება" სჭირდება, მის თავმჯდომარეს კი ლეგიტიმაცია. თავდაპირველი უარყოფის მიუხედავად, 16 ნოემბერს ხაბეიშვილმა თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას ისიც აყენებს. 

ნიკა მელიას თქმით, არჩევნებში მისი კონკურენტი ლევან ხაბეიშვილი არ არის და ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია. 

კომენტარები