თბილისის მერია

GMC: მეტროსადგურ ვარკეთილის რემონტს ოცნების შემომწირველი კომპანია გააკეთებს

ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის (GMC) ინფორმაციით, მეტროსადგურ ვარკეთილის რემონტს ქართული ოცნების შემომწირველი კომპანია - შპს ბადა ქონსთრაქშენსი გააკეთებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, 13 400 000 ლარიანი ხელშეკრულება მერიამ მასთან უტენდეროდ გააფორმა. 

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, თუმცა მეტროსადგური დღემდე სარეაბილიტაციოა. მერიამ ვარკეთილის რეკონსტრუქცია-რემონტისთვის ტენდერი 2022 წელს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია მამისონთან მერიამ ხელშეკრულება გაფორმებიდან 6 თვეში გაწყვიტა.

"მეორე ხელშეკრულება მერიამ უკვე უტენდეროდ, გამარტივებული წესით გაუფორმა შპს ბადა ქონსთრაქშენს. ხელშეკრულების ღირებულება დაახლოებით 13.4 მილიონი ლარია, ხოლო კომპანიის დამფუძნებელი ქართული ოცნების დამფინანსებელია". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

GMC-ის ინფორმაციით, 2022 წლამდე ბადა ქონსთრაქშენს სახელმწიფო ორგანოსთან მაქსიმუმ 2 245-ლარიანი ხელშეკრულება ჰქონია გაფორმებული. ხელშეკრულების მიხედვით, შპს ბადა ქონსთრაქშენმა მეტროს რეკონსტრუქცია-რემონტი 18 თვეში უნდა დაასრულოს.

2018 წლის 30 იანვარს ვარკეთილის მეტროს ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მეტროსადგური რამდენიმე თვით ადრე, 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა.

კომენტარები