კრიმინალი

ყალბი უცხოური პირადობების და ქართული მართვის მოწმობების გასაღებისთვის 2 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამეგრელოში ორი პირი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც გააჩნდა ტურისტული მომსახურების ოფისი, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ, დანაშაულებრივ ქმედებაში თანამონაწილე პირის მეშვეობით, ამზადებდა და ასაღებდა უცხოურ ყალბ პირადობის მოწმობებს.

ბრალდებული პირები ვამხილეთ ერთ-ერთ მოქალაქეზე 800 ევროს სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობის გასაღების ფაქტზე" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღმოაჩინეს უცხო ქვეყნების ათეულობით მოქალაქის ყალბი პასპორტების, ასევე ქართული მართვის მოწმობების ელექტრონული ვერსიები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე - 2  ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით. 

კომენტარები