ვივამედის დირექტორი: შეიძლება, დაავადებიდან გამომდინარე ვერ ახერხებს საკვების მიღებას

ვივამედის კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ იღებს "იმ სრულფასოვან საკვებს, რასაც უნდა იღებდეს პაციენტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში". TV იმედის ეთერში ჩხაიძემ თქვა, რომ "შეიძლება, ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე პაციენტი ვერ ახერხებს საკვების მიღებას, სრულფასოვანი საკვების მიღებას".

ვივამედის კლინიკური დირექტორის თქმითვე, კვების პრობლემა არის მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში შეყვანიდან დღემდე - მთლიან პერიოდში.

"ჩვენ არაერთხელ გვქონია საუბარი ამის შესახებ პაციენტთან, შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად. მაგრამ როგორც თვითონ ხსნის - მას არ შეუძლია. ახლაც, ამ შემთხვევაში ვერც ვერავინ ვერ დაადასტურებს და ვერავინ ვერ იტყვის კონკრეტულ მიზეზს, რატომ ხდება ესე. ეს, საკვების ვერ ან არმიღება შეიძლება უკავშირდებოდეს იმ ძირითადად დაავადებებსაც კი, რომელიც მას გააჩნია" - თქვა ჩხაიძემ.

TV იმედის წამყვანის კითხვაზე, "შეიძლება უკავშირდებოდეს როდესაც ამბობთ, ანუ შეიძლება არ უკავშირდებოდეს და ეს იყოს მისი პირადი გადაწყვეტილება?", ვივამედის დირექტორი პასუხობს - "მე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს, ამაზე მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი".

რაც შეეხება ზონდის კვებას, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ეს საკითხი არც დამდგარა. 

"არ ვიცი, რატომ წამოიჭრა ეს საკითხი საერთოდ. პაციენტი იღებს, არასრულფასოვნად, მაგრამ მაინც მცირე ულუფების სახით იღებს საკვებს. თუმცა, სასურველია, იღებდეს უფრო სრულფასოვან საკვებს და უფრო დიდი რაოდენობით. მისი მონაცემების, თუნდაც ლაბორატორიული კვლევის შედეგების და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით, არ დგას საკითხი ზონდის კვებაზე და მითუმეტეს, იძულებით ზონდით კვებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა და არც წამოჭრილა. თუ პაციენტს აღენიშნება დავუშვათ გულისრევის შეგრძნება, ღებინება საკვების მიღებისას, ამ შემთხვევაში შეიძლება, დახმარება გაეწიოს მას ზონდის გამოყენებით, თუმცა, რა თქმა უნდა, პაციენტთან შეთანხმების შემდეგ" - ამბობს ვივამედის კლინიკური დირექტორი.

6 დეკემბერს ზურაბ ჩხაიძე აცხადებდა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს იღებს და ისიც მხოლოდ მისთვის სასურველ დღეებში. 

"ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი ვერ ჭამს, უფრო, ალბათ, არ ჭამს. რა თქმა უნდა, სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ მკურნალობა გრძელდება და შესაბამისად, მას ყველაფერი უკეთდება. მაგრამ, პაციენტსაც უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს". - ამბობდა  ვივამედის კლინიკური დირექტორი.


სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. ექსპრეზიდენტის ადვოკატები, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ან მისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ. 

კომენტარები