რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Reuters: EU-მ რუსეთისთვის 1 ბარელ ნავთობზე $60-იანი ზედა ზღვრის დაწესების წინასწარ შეთანხმებას მიაღწია

Reuters

გამოცემა Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები 1 ბარელ რუსულ ნავთობზე $60-იანი ფასის ზედა ზღვრის დადგენაზე წინასწარ შეთანხმდნენ, თუმცა ამას ჯერ კიდევ საბოლოო დასტური სჭირდება. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამის შესახებ საუბარი მათ მიერ მოპოვებულ დოკუმენტში იყო.

შეთანხმება ევროკავშირის მთავრობებმა პარასკევს წერილობითად უნდა გააფორმონ. ევროკავშირი დეტალებზე დღეების განმავლობაში მსჯელობდა.

როგორც Reuters-ი წერს, მათ მიერ მოპოვებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზედა ზღვარს იანვრის შუა რიცხვებში გადახედავენ და ყოველ ორ თვეში შეაფასებენ, თუ როგორ მუშაობს გეგმა.

აქამდე The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ - ევროკომისიამ ბლოკის 27 ქვეყანას ერთ ბარელ რუსულ ნავთობზე $60-იანი ზედა ზღვრის დაწესება სთხოვა. ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ ფასების ზედა ზღვრის დონე უნდა დაამტკიცოს და მოლაპარაკებები, შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს, თუმცა, წყაროების ცნობით, წევრები, დიდწილად, $60-იან ზღვარზე უკვე შეთანხმდნენ. 

ფასის ზედა ზღვრის დადგენის მიზანი, რომლის იდეა ევროკავშირის სანქციების ფონზე პირველად აშშ-ს გაუჩნდა, რუსული ნავთობის ნაკადის შენარჩუნებაა ისე, რომ გლობალური ფასების დონე არ გაიზარდოს და, პარალელურად, მოსკოვის შემოსავლები შემცირდეს. 

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილის, უოლი ადეიემოს თქმით, $60, რომელიც დიდი შვიდეულის მიერ განხილულ "დიაპაზონშია", ვაშინგტონისთვის მისაღები იქნებოდა.

"ეს არის ფასის იმ დიაპაზონში, რომელზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, რათა დაგვეხმაროს ორი რამის გაკეთებაში. ერთი არის რუსეთის შემოსავლების შემცირება, მეორე არის იმის უზრუნველყოფა, რომ ბაზარზე რუსული ნავთობი შევინარჩუნოთ". – თქვა ადეიემომ.

ევროკავშირის მოლაპარაკებები რუსული ნავთობის შეზღუდვის დონის შესახებ გასულ კვირას ჩიხში შევიდა. პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ითხოვდნენ ფასს, რომელიც მოსკოვის შემოსავლებს უფრო დიდი წნეხის ქვეშ მოაქცევდა, განსხვავებით საბერძნეთისა და სხვა გადამზიდი ქვეყნებისგან, რომლებიც უფრო მაღალი ფასის დაწესებას მოითხოვდნენ.

Bloomberg-ის ცნობით, რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი – $60 გაცილებით მაღალია, ვიდრე რუსული ბარელის ფასი ბალტიის ზღვის პორტში, პრიმორსკში, სადაც ფასი ბარელზე $45.31-მდე დაეცა.

თუმცა, აშშ-ს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ნავთობის ექსპორტიდან რუსეთის შემოსავლების ცოდნა რთულია, ხოლო თუ ზოგიერთი საბაზრო ფასი ამჟამად $60-ზე დაბალია, ეს მიდგომა რუსული ნავთობის ფასების ზრდას შეზღუდავს, რაც რუსეთის ეკონომიკას 2023 წელს შეამცირებს.

"მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ ჩვენ ვიწყებთ $60-ით, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა... შემდგომი ფასების ზღვარი დროთა განმავლობაში რუსეთის შემოსავლების შესაზღუდად გამოვიყენოთ". – ამბობს ადეიემო. 

რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის შეზღუდვა ძალაში 5 დეკემბერს უნდა შევიდეს.

კომენტარები