რუსეთის დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გენოციდია - კოსტინი

უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრეი კოსტინი ამბობს, რომ რუსეთის დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გენოციდია. ინტერვიუში უკრაინის გენერალურმა პროკურორმა BBC-ს უთხრა, რომ თავდასხმები მნიშვნელოვან შენობებზე, უკრაინელი ერის სამიზნედ ქცევით, მიზნად კიევის დანებებას ისახავს. რუსეთი მსგავს განზრახვას უარყოფს.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა BBC-სთან ინტერვიუში ასევე თქვა, რომ ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გარდა, 11 000 უკრაინელი ბავშვი ძალით გადაიყვანეს რუსეთში. კოსტინის ოფისი იკვლევს 49 000-ზე მეტ სამხედრო დანაშაულს, რომელიც, მათი ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოხდა. 

უკრაინის დიდი ნაწილი სითბოს, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი - ოკუპანტები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ესხმიან თავს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ოთხშაბათს, 23 ნოემბერს, ქალაქში 3 მილიონი ოჯახიდან 70% ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინჟინრები დაზიანებული ან განადგურებული გადამცემი ხაზების შეკეთებაზე მუშაობდნენ.

გაერო გენოციდს ამგვარად განმარტავს:  

“განზრახვა, რომ მთლიანად ან ნაწილობრივ გაანადგუროს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი“. 

გარდა ამისა, ამ საზოგადოების წევრების მკვლელობა ან მძიმე დაზიანება ან მისი შვილების იძულებით გაყვანა შეიძლება იყოს კვალიფიცირებული, როგორც გენოციდი. ჟენევის კონვენციის მიხედვით, ომში ამგვარი ქმედება სამხედრო დანაშაულია.

კომენტარები