რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

პუტინი: ახალ ტერიტორიებზე ვითარება დასტაბილურდება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, "ახალ ტერიტორიებზე" ვითარება დასტაბილურდება.

"ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხია და გამოვდივართ იქიდან, რომ ვითარება დასტაბილურდება, ჩვენ ამ ტერიტორიების მშვიდად განვითარებას შევძლებთ და თქვენ ქვეყნის გაძლიერებაში დაგეხმარებით. ქედს ვიხრი თქვენსა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამ ტერიტორიებზე თქვენთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ითმენდით გაჭირვებას და გულში მიისწრაფვოდით რუსეთთან გაერთიანებას". - თქვა პუტინმა მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ონლაინ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საბოლოოდ "დააკანონა" უკრაინის ოკუპირებული 4 რეგიონის უკანონო ანექსია. 5 ოქტომბერს პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. დსრ-ს, ე.წ. ლსრ-ს, ოკუპირებული ხერსონისა და ოკუპირებული ზაპოროჟიეს რუსეთთან შეერთების "კანონებს". 

აქამდე, პუტინმა 30 სექტემბერს, მარიონეტ ლიდერებთან ერთად, ხელი მოაწერა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების "შეთანხმებას", რომლის ფორმალური რატიფიცირებაც შემდეგში ჯერ სახელმწიფო დუმამ მოახდინა, შემდეგ კი ფედერაციულმა საბჭომაც დააკანონა.

პარალელურად, პუტინმა უკრაინის ოკუპირებული მიწების უკანონო ანექსიასთან ერთად გაამძაფრა რიტორიკა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. 

პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული ტერიტორიის უკანონო ანექსიის გამოცხადების ცერემონიაზე, 30 სექტემბერს თქვა, რომ საკუთარ მიწას არსებული ყველა ძალითა და საშუალებით დავიცავდნენ. ამას გარდა, მან ხაზი გაუსვა, რომ ისტორიაში ბირთვული იარაღის გამოყენების პრეცედენტი არსებობს. 

აქამდე, 21 სექტემბერს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მან დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული შანტაჟის რიტორიკა განაგრძო. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, "უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი".

ამას გარდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

23-27 სექტემბერს მოსკოვმა უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში: დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ჩაატარა რუსეთთან შეერთების ფსევდორეფერენდუმები, რომელთა "შედეგებით" ამ ოლქების რუსეთის ფედერაციასთან შეერთება "გადაწყდა".

რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ოთხი ოლქიდან ვერცერთს სრულად ვერ აკონტროლებენ, მარიონეტულ ადმინისტრაციებს კი პრეტენზიები ოლქის მთელ ადმინისტრაციულ საზღვრებზე აქვთ.

ჯერჯერობით, კრემლში ვერ ხსნიან, თუ რა ფარგლებში მოხდება ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია.

"მოსკოვი განაგრძობს კონსულტაციებს რეგიონების მოსახლეობასთან". – თქვა 3 ოქტომბერს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ოკუპირებული ტერიოტორიების ანექსიის ფარგლებთან დაკავშირებით.

რუსეთმა მსგავსი ფსევდორეფერენდუმი აქამდე 2014 წელს ყირიმში ჩაატარა. 

ე.წ. რეფერენდუმების დანიშვნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ასევე თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფდა. ამას გარდა, პუტინი დასავლეთს კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები