რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ოსტინი: უკრაინამ ბრძოლის ველზე ომის დინამიკა შეცვალა

აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინა რუსეთთან ომში პროგრესს აღწევს. CNN-თან ინტერვიუში ოსტინმა აღნიშნა, რომ ომის შეცვლილი კურსი და უკრაინის დაწინაურება აშშ-სა და NATO-ს ქვეყნების მიერ მიწოდებულ იარაღს უკავშირდება. 

"რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს ერთგვარი ბრძოლის ველზე დინამიკის ცვლილება... უკრაინის ჯარებმა ხარკოვის ოლქში კონტრშეტევის ოპერაციას ძალიან, ძალიან კარგად გაართვეს თავი. ბრძოლა ხერსონის ოლქში შედარებით ნელა მიმდინარეობს, თუმცა აქაც შეიმჩნევა მნიშვნელოვანი პროგრესი". - თქვა ოსტინმა. 

ოსტინმა ასევე თქვა, რომ უკრაინელი სამხედროები აშშ-ს მიწოდებულ სამხედრო აღჭურვილობას იყენებენ, როგორიცაა HIMARS. ოსტინის მტკიცებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკრაინელი ჯარისკაცები მათ სწორად იყენებენ, როდესაც თავს რუსეთის სტრატეგიულ და ლოჯისტიკურ ობიექტებს ესხმიან. 

"ეს არ არის მხოლოდ იმ აღჭურვილობაზე დამოკიდებული, რაც მათ აქვთ, საუბარია იმაზე, თუ როგორ იყენებ ამ აღჭურვილობას, როგორ ახდენ მათ სინქრონიზებას ბრძოლის ველზე გარკვეული ეფექტის შესაქმნელად, რომელიც მოგვიანებით, წინსვლის შესაძლებლობას იძლევა". - დასძინა ოსტინმა. 

კომენტარები