ლეოპარდი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ისევ გამოჩნდა, ცხოველი ფოტო-ხაფანგმა გადაიღო

ჯიქი/ლეოპარდი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ისევ გამოჩნდა. ინფორმაციას ნაკრესის კონსერვაციული კვლევის ჯგუფი ავრცელებს.

"თავდაუზოგავი მცდელობის შედეგად, ჯიქი/ლეოპარდი (Pantera pardus) საქართველოში კვლავ დავაფიქსირეთ. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტო-ხაფანგის მიერ აგვისტოში გადაღებული ჯიქის ფოტო შემოდგომის საველე გასვლისას აღმოაჩინეს ჯგუფის წევრებმა.

საქართველოში ჯიქის კვლევა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. თუშეთში ჯიქის განმეორებითი გადაღება იმედს გვაძლევს, რომ მხოლოდ ერთჯერად შემოსვლასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ლეოპარდი საქართველოში ბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აგვისტოში ჯიქი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟებულმა ერთ-ერთმა ფოტო-ხაფანგმა გადაიღო"  - წერს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

ნაკრესმა საქართველოში ჯიქის კვლევის პროგრამა 2020 წლიდან განაახლა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები