რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: რუსეთმა 6 ივლისის შემდეგ ტერიტორიული წინსვლის შესახებ პირველად არ გამოაცხადა

REUTERS/Gleb Garanich

Institute for the Study of War-ის (ISW) 18 აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა 6 ივლისის შემდგომ ტერიტორიული წინსვლის შესახებ პირველად არ გამოაცხადა.

სოციალურ ქსელებსა და უკრაინულ მედიაში ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს აფეთქებები სავარაუდოდ ანექსირებულ ყირიმში, ბელბეკის აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის თქმით, ბელბეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გააქტიურდა და ჩამოაგდეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. მისივე თქმით, არ არის ზიანი და დაშავებულები.

აქამდე აფეთქებების ხმა ესმოდათ ქერჩი მცხოვრებლებსაც. ქერჩის მახლობლად ყირიმის ხიდი მდებარეობს. ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლეგ კრიუჩკოვის თქმით, ქერჩში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გააქტიურდა და ქალაქისთვისა და ხიდისთვის საფრთხე არ არსებობს. 

ამას გარდა, გასულ ღამეს გავრცელდა კადრები, რომელშიც სავარაუდოდ, რუსეთის ბელგოროდის ოლქში მდებარე საბრძოლო მასალის საწყობში გაჩენილი ხანძარი ჩანდა. 

ყირიმში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, უკრაინის მრავალ ოლქში საჰაერო განგაშის ხმა გაისმა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიშები მიიტანა ნიკოლაევზე, ხარკოვზე, დნეპროპრტროვის რაიონსა და კრამატორსკზე.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები