საქართველო-რუსეთი

თავდაცვის სამინისტრო ქამხაძეზე: სიცრუეა – პირადი საქმე გადაგზავნილია რაიონის კომისარიატში

მთავარი არხი/კადრი ვიდეოდან

თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება რუსი ოკუპანტების მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის პირადი დოკუმენტები მათ ხელშია. უწყება ინფორმაციასა და დოკუმენტების სამინისტროდან გატანის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს.

სამინისტროს განცხადებით, შესაბამისი სამსახურები დაადგენენ, არის თუ არა მედიაში გავრცელებული დოკუმენტები რეალური და რა გზით აღმოჩნდა ის უკრაინაში.

"ტელეკომპანია მთავარის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებს, რომ, თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები. ამასთან, მოგვიანებით ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა სატელიტმა პარტიებმა, აღნიშნულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, სცადეს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არცერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტების შესაბამის სტრუქტურებში.

მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში. ამგვარად შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო. არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში, შესაბამისი სამსახური დაადგენს". – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რუსული პროპაგანდისტული არხების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ოკუპანტი ჰყვება, რომ ლისიჩანსკში ერთ-ერთ შენობაში, საწვრთნელ ბაზაზე ქართველი მებრძოლის, მიხეილ ქამხაძის დოკუმენტები აღმოაჩინეს. პირად საქმეს, რომელიც ვიდეოში ჩანს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოგო და წარწერა აქვს. მასში მებრძოლის პირადი მონაცემებია შენახული. ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა.   

მიხეილ ქამხაძე მთავარ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ პირადი საქმე 2016 წელს შეიქმნა, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ჩამონათვალის მიხედვით საკუთარი დოკუმენტები შეაგროვა. მისივე ინფორმაციით, ლოდინის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ სამსახურში არ მიიღო, ამიტომ უკრაინაში წავიდა. 

კომენტარები