აშშ

წინ – ყოფილი დემოკრატები და რესპუბლიკელები აშშ-ში ახალ პარტიას ქმნიან

ენდრიუ იანგი

აშშ-ში ყოფილმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა ახალი პარტია შექმნეს. ახალი პარტიაში, რომელსაც ჰქვია წინ (Forward), ამბობენ, რომ უკმაყოფილო არიან აშშ-ს ორპარტიული სისტემით. 

პარტიის თანათავმჯდომარეები იქნებიან დემოკრატიული პარტიის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი, ენდრიუ იანგი და ნიუ ჯერსის ყოფილი რესპუბლიკელი გუბერნატორი, ქრისტინ ტოდ უიტმენი.

პარტიის დამფუძნებელმა წევრებმა მედია Reuters-თან გამოხატეს იმედი, რომ მათი პარტია რესპუბლიკელებისა და დემორატების ეფექტიანი ალტერნატივა გახდება.

პარტიის ლიდერები ამ შემოდგომაზე ოცამდე ქალაქში ღონისძიებებს გამართავენ, რათა მხარდაჭერა მოიზიდონ. ოფიციალური გახსნის ცერემონიას ჰიუსტონში, 24 სექტემბერს ჩაატარებენ, ხოლო პირველ ეროვნულ კონვენციას, რაც პრეზიდენტობისა და ვიცეპრეზიდენტის კანდიდატის წარდგენას გულისხმობს, მომდევნო ზაფხულში მიიღებენ.

ახალი პარტია სამი პოლიტიკური ჯგუფის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. მასში შედიან: განახლებული ამერიკის მოძრაობა, რომელიც 2021 წელს ჩამოყალიბდა ყოფილი რესპუბლიკელების მიერ, რომლებიც რონალდ რეიგანის, ჯორჯ ბუშ უფროსისა და უმცროსის, ასევე დონალ ტრამპის ადმინისტრაციებში მუშაობდნენ; ახალი პარტიის მოსახელე – პოლიტიკური ინიცატივა წინ, რომელიც ენდრიუ იანგმა დააფუძნა, მას შემდეგ, რაც 2021 წელს დემოკრატიული პარტია დატოვა; მოძრაობა ემსახურე ამერიკას – დემოკრატებისა და რესპუბლიკელების, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატების ჯგუფი, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი დევიდ ჯოლია.

ახალი პარტია ასახელებს ორ მთავარ საყრდენს: "სამართლიანი, მზარდი ეკონომიკის აღორძინებასა" და " ამერიკელებისთვის არჩევნებზე მეტი არჩევნის მიცემას, მეტ თავდაჯერებას ხელისუფლებაში, რომელიც მუშაობს და მომავალში მეტ სათქმელს". 

პარტიას, რომელიც ცენტრისტულია, სპეციფიკური პოლიტიკა ჯერ არ გააჩნია.

აშშ-ში რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებთან შედარებით მცირე პარტიებს მესამე პარტიებს ეძახიან. ისტორიულად, მესამე პარტიები ამერიკის ორპარტიულ სისტემაში წარმატებას ვერ აღწევენ, თუმცა, ზოგჯერ, მათ შეუძლიათ გავლენა იქონიონ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

პარტია წინ აპირებს, რომ პარტიის რეგისტრაციასა და საარჩევნო ბიულეტენებზე წვდომას 2023 წლის ბოლოსთვის 30 შტატში, 2024 წლის საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნებისთვის კი ყველა, 50 შტატში მიაღწიოს.

კომენტარები