ექსპორტი

მთავრობა საქართველოდან ქერის და ხორბლის ექსპორტს 1 წლით კრძალავს

Amit Dave/Reuters

საქართველოს მთავრობა ერთი წლით საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტს კრძალავს. გადაწყვეტილება 4 ივლისიდან ამოქმედდება. სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე, შეზღუდვები არ ვრცელდება სიმინდზე.

"რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს“, -  ამბობს ოთარ შამუგია.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება მაინც აჩენს რისკს, რომ "ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს".  

რაც შეეხება ქერს, საქართველოში წარმოებული ქერი ერაყსა და ირანში იყიდება.

"მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგში საკვები რესურსი ქერი, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იქნას რეალიზებული. მიმდინარე წელს, ქერის საპროგნოზო მოსავალი 60 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. დღეის მდგომარეობით,  2.5 ათას ტონაზე მეტი უკვე ექსპორტირებულია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხორბლისა და ქერის მწარმოებლებთან არაერთი შეხვედრა გამართა და მათი პოზიციები მოისმინა. მწარმოებლების განცხადებით, ადგილობრივი ბაზარი, არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ქვეყანაში წარმოებულ მოსავალს სრულად აითვისებს“, - ამბობს ოთარ შამუგია.

კომენტარები