რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტები უკრაინაში შეტევების ტაქტიკას ცვლიან – პენტაგონი

unian.info

რუსეთის საოკუპაციო ჯარების მეთაურები უკრაინის სამხედრო ძალების წინააღმდეგობისა და ორგანიზაციული პრობლემების გამო შეტევების წარმოებას მცირე ქვედანაყოფების მეშვეობით აგრძელებენ. ინფორმაციას The Washington Post-ი აშშ-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ს მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რუსი მეთაურები ბრძოლის ველზე მანევრირებისთვის ჩვეულებრივ რამდენიმე ასეულ ჯარისკაცს იყენებდნენ, მაგრამ დონბასში გახანგრძლივებული ბრძოლებისა და რუსული შეტევის წარუმატებლობის გამო, ოპერაციების წარმოებას 100-მდე სამხედრო პირი აწარმოებს. 

მისივე განმარტებით, ამ მცირე ერთეულებმა ასევე შეამცირეს თავიანთი მიზნები და გარკვეულ ქალაქებზე, სოფლებსა და გზაჯვარედინებზე ფოკუსირდნენ.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები