რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონბასში ოკუპანტების 11 თავდასხმა მოვიგერიეთ

უკრაინელი სამხედრო

უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონბასში ოკუპანტების 11 თავდასხმა მოიგერიეს. ამასთან ერთად, ინტენსიური ბრძოლა 3 ლოკაციაზე გრძელდება.

"უკრაინელმა დამცველებმა და გაერთიანებული ძალების ჯგუფებმა დღეს მტრის 11 თავდასხმა მოიგერიეს. ბრძოლა კიდევ სამ ლოკაციაზე გრძელდება. ჩვენი მამაცი მეომრები დამპყრობლების ცოცხალ ძალასა და აღჭურვილობას დიდ ზიანს აყენებენ". - წერია განცხადებაში.

გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასში 12 ერთეული ჯავშანტექნიკა, ხუთი ტანკი, ექვსი საარტილერიო სისტემა, მათ შორის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, საზენიტო სისტემა Тор და სამხედრო მანქანა გაანადგურეს.

"დონბასის ცაზე საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა მტრის ერთი Су-25 და სამი უპილოტო საფრენი აპარატი Орлан-10 ჩამოაგდეს". - წერს გაერთიანებული შტაბი.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები