რუსეთი, იტალია, აშშ – ქვეყნები, საიდანაც აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.1 მლნ აშშ დოლარი (944.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 58.8%-ით (114.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შემოსული გზავნილების 27.07% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, 43.16% კი - რუსეთზე. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციიდან 2022 წლის აპრილში 132.98 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტია (+298.77%). წინა თვესთან შედარებით კი, რუსეთიდან შემოსული გზავნილების რაოდენობა ხუთჯერ არის გაზრდილი (მარტში რუსეთიდან საქართველოში 27 მლნ დოლარი გადმოირიცხა ფულადი გზავნილების სახით). გარდა ამისა, გასულ წელთან შედარებით, 700%-ით არის გაზრდილი ყაზახეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. რუსეთის ფედერაცია - 133 მილიონი დოლარი;
  2. იტალია - 33.4 მილიონი დოლარი;
  3. აშშ - 25.02 მილიონი დოლარი;
  4. ყაზახეთი - 20.04 მილიონი დოლარი;
  5. საბერძნეთი - 18.65 მილიონი დოლარი;
  6. ისრაელი - 16.21 მილიონი დოლარი;
  7. გერმანია - 11.97 მილიონი დოლარი;
  8. თურქეთი - 8.1 მილიონი დოლარი;
  9. აზერბაიჯანი - 4.97 მილიონი დოლარი.
  10. ესპანეთი - 4.71 მილიონი დოლარი

2022 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.4 მლნ აშშ დოლარი (77.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის მარტის (25.8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია.


2021 წელს ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 2.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული. 

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია. 

მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. 

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსება უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრებით. 

კომენტარები