რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქი დაბომბეს. რუსების იერიშებს 3 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 13 კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ გაავრცელა.

"რუსები მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ. დღეს დაღუპული 3 ადამიანის გარდა, კიდევ 3 პირის დაღუპვაზე მოვახერხეთ ინფორმაციის მოპოვება, რომელთა სიცოცხლეც ოკუპანტების იერიშებს რამდენიმე დღით ადრე ეხმსხვერპლა. რუსები თითოეული დანაშაულისთვის პასუხს აგებენ". - წერს კირილენკო.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები