რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავს, ძირითადი ქალაქების აღებას ვერ ახერხებს

რუსული ტექნიკა უკრაინაში

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალები ხარკოვის ჩრდილოეთით წარმატებული კონტრშეტევების ჩატარებას განაგრძობენ. ამასთან ერთად, რუსეთის საზღვართან რამდენიმე ქალაქსა და სოფელზე კონტროლის აღდგენეს.

"რუსეთის სამხედრო ძალები პრიორიტეტს დონბასის ოპერაციას ანიჭებენ, რამაც ოკუპანტების ქვედანაყოფები უკრაინის კონტრშეტევების მიმართ დაუცველი დატოვა. კონფლიქტის საწყის ეტაპებზე ხარკოვის ოლქში მიღწეული წარმატების მიუხედავად, რუსეთმა ძალების რეორგანიზაციისთვის რეგიონიდან ქვედანაყოფები გაიყვანა.

ძალების აღდგენის შემდგომ, ქვედანაყოფები, სავარაუდოდ, კონცენტრაციის დასავლეთ ფლანგისა და იზუმის მიდამოებში მიწოდების ძირითადი გზების დასაცავად დონეცის აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგდებიან.

ხარკოვის ოლქიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანა არის ნიშანი, რომ რუსეთი უკრაინის ძირითადი ქალაქების აღებას ვერ ახერხებს". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები