რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – 3 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაიჭრა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის დაბა ნიუ იორკი დაბომბეს. რუსების უმართავი რაკეტები სამრეწველო საწარმოსა და დასახლებულ პუნქტებს დაეცა, რასაც 3 მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ გაავრცელა.

"3 დაღუპულისა და 3 დაჭრილის გარდა, რუსი ოკუპანტების იერიშებმა მინიმუმ 9 კერძო სახლიც დააზიანა, ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ დგინდება. რუსები ისევ და ისევ მშვიდობიან ხალხს ერჩიან. ისინი ომს აწარმოებენ იმიტომ, რომ მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქეები გაანადგურონ. ჩვენ მათ მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულს ავსახავთ და საკადრის პასუხსაც გავცემთ". - წერს კირილენკო.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები