რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: პენტაგონმა გერმანიაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციის ცენტრი შექმნა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, აშშ-ს ევროპული სარდლობის შტაბ-ბინაში, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებისა და კოორდინაციის ცენტრი დააფუძნა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"ცენტრი უსაფრთხოების სისტემის მხარდასაჭერად შეიქმნა". - თქვა აშშ-ს მაღალჩინოსანმა.

უკრაინის დასახმარებლად შექმნილი ცენტრი აშშ-სა და კიდევ 15 ქვეყნის წარმომადგენელს მოიცავს, რომელიც კოორდინაციას 40-ზე მეტ ქვეყანას გაუწევს.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ინფორმაციით, ჯგუფი თვეში ერთხელ შეიკრიბება. პირველ შეხვედრას ოსტინმა გერმანიაში უმასპინძლა.

ამასთან ერთად, ლოიდ ოსტინის თქმით, მოკავშირეები უკრაინას დამატებით სამხედრო ტექნიკას გადასცემენ. ამის შესახებ ოსტინმა გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, NATO-სა და ევროკავშირის წევრი 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

ასევე, 26 აპრილს პენტაგონის უმაღლესმა გენერალმა, მარკ მილიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მთავარი მიზანი კიევისთვის სამხედრო დახმარების სინქრონიზაცია და კოორდინაციაა.

"მომდევნო რამდენიმე კვირა ძალიან, ძალიან კრიტიკული იქნება. ომში წარმატების მისაღწევად მათ [უკრაინის სამხედრო ძალებს] მუდმივი მხარდაჭერა სჭირდებათ და ეს ამ კონფერენციის მთავარი მიზანია". - თქვა მარკ მილმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები