რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯოკოვიჩი სიგიჟეს უწოდებს რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისთვის უიმბლდონის აკრძალვას

ნოვაკ ჯოკოვიჩი

მსოფლიოს ნომერი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი "სიგიჟეს" უწოდებს უიმბლდონის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რუსი და ბელარუსი მოთამაშეები ტურნირზე არ დაიშვებიან. მისი თქმით, ომს გმობს, თუმცა, სპორტსმენებს "არანაირი კავშირი არ აქვთ მიმდინარე კონფლიქტთან".

"მე ყოველთვის დავგმობ ომს. მე, როგორც ომის შვილი, ვერასდროს დავუჭერ მხარს ომს. ვიცი, ეს რამხელა ემოციურ ტრავმას ტოვებს. სერბეთში ყველამ ვიცით, რაც მოხდა 1999 წელს. ბალკანეთში უახლეს ისტორიაში ბევრი ომი გვქონია. თუმცა, უიმბლდონის გადაწყვეტილებას ვერ დავუჭერ მხარს, მიმაჩნია, რომ ეს სიგიჟეა. როცა პოლიტიკა ერევა სპორტში, შედეგი არ არის კარგი“ - ამბობს ჯოკოვიჩი.

უიმბლდონი ოთხი გრანდ სლემიდან ერთ-ერთი, პრესტიჟული ჩოგბურთის ტურნირია. 2022 წლის უიმბლდონი 27 ივნისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება. 20 აპრილს გახდა ცნობილი, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, უიმბლდონის ტურნირზე რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს არ დაუშვებენ. 

იქამდე, 18 მარტს ბრიტანეთის სპორტის მინისტრმა მოქმედ მეორე ჩოგანს, დანიილ მედვედევს რუსეთის აგრესიისა და პუტინის ქმედებების დაგმობა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვა, რომ სპორტსმენს უიმბლდონზე არ დაუშვებდნენ

მედვედევის გარდა, საუკეთესო ასეულში არაერთი რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელია. მათ შორის, ანდრეი რუბლოვი, კარენ ხაჩანოვი, ილია ივაშკა, ვიქტორია აზარენკა და არინა საბალენკა.

კომენტარები