რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუგანსკის ოლქში დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა – მათგან 2 ბავშვია

ლუგანსკის ოლქში, რუბიჟნეში რუსმა ოკუპანტებმა კორპუსი დაბომბეს - გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათგან 2 ბავშვია. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

"ტრაგედია საღამოს მოხდა, როდესაც რუსეთის არმიამ დაბომბვები გაახშირა. დაახლოებით, 20:00 საათზე მტერმა რუბეჟნოეში მაღალსართულიანი შენობა დაბომბა. მეხუთე სართულზე ჭურვი აფეთქდა. მაშველებმა სამი დაღუპული იპოვეს, მათგან ორი ბავშვი იყო. მტერი არ ჩერდება და აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის ჯიუტად მიზანში ამოღებას. დღეს, კიდევ ერთხელ, მსოფლიო გაიგებს, რომ ე.წ.  "რუსული სამყარო" არის პატარა ბავშვების სიკვდილი". -  ამბობს ის.

მისივე სიტყვებით, ლუგანსკის ოლქში ინფრასტრუქტურული ობიექტების ეტაპობრივი განადგურება გრძელდება.

"ბოლო დღეებში რუსები უტევენ ჩვენს საწარმოებს სიზუსტით, თითქმის უშეცდომოდ. ამიტომ, იყავით ძალიან ფრთხილად: თუ ქუჩაში შეგხვდებათ ადამიანი, რომელიც ჰგავს ტერიტორიის მომნიშვნელს, აცნობეთ პოლიციას. თქვენი გამბედაობა ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს". - თქვა მან. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები