რუსეთი

19 თებერვალს რუსეთი პუტინის ხელმძღვანელობით ბირთვულ წვრთნებს იწყებს

რუსული ბალისტიკური რაკეტა PC-24 Ярс-ი წითელ მოედანზე, 2016 წლის პარადი

19 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით, ბირთვულ წვრთნებს იწყებს. დაგეგმილია ე.წ. ბირთვული ტრიადის ძალების გამოყენება. ბირთვული ტრიადა გულისხმობს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ბირთვულ შესაძლებლობებს. შესაბამისად, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტებით, სტრატეგიული ბომბდამშენებითა და რაკეტების გადამტანი წყალქვეშა ნავებით. 

"19 თებერვალს, უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობის ქვეშ, ჩატარდება სტრატეგიული შეკავების ძალების დაგეგმილი სწავლება, რომლის ფარგლებშიც გაუშვებენ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს", – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. 

წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები, სამხრეთის სამხედრო ოლქი, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალები, ჩრდილოეთისა და შავი ზღვის ფლოტები. 

რუსეთი ბირთვულ სამხედრო წვრთნებს ჩვეულებრივ შემოდგომაზე ატარებს ხოლმე, თუმცა წელს, როგორც ჩანს NATO-სთან დაძაბულობისა და უკრაინისთვის საფრთხის შექმნის ფონზე, კრემლში ვარჯიშების ჩატარება ნაადრევად გადაწყვიტეს. 

ინფორმაცია, რომ ეს წვრთნები ნაადრევად ჩატარდებოდა, ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში The Financial Times-მა წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა

აღსანიშნავია, რომ წვრთნების პარალეურად, როგორც დასავლეთის სახელმწიფოები ამბობენ, რუსეთს საკუთარი ჯარები კვლავ უკრაინის საზღვრების მახლობლად ჰყავს, მიუხედავად თქმისა, რომ მათ ძალების ნაწილის გაყვანა სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ დაიწყეს. ამას გარდა, სიტუაცია იძაბება ოკუპირებულ დონბასში. ლუგანსკელი და დონეცკელი პრორუსი სეპარატისტები აწყობენ პროვოკაციებს, რუსულ სამთავრობო მედიას კი დაწყებული აქვს პროპაგანდისტული კამპანია.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უშედეგოდ მიდის ერთ მხარეს რუსეთის, მეორეს კი NATO-სა და აშშ-ს მოლაპარაკებები უსაფრთხოების საკითხებზე. 

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას, სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

აშშ-სგან და NATO-სგან რუსეთის ფედერაციამ საპასუხო მოთხოვნები წერილობითად მიიღო. დოკუმენტმა მოსკოვში უკმაყოფილება გამოიწვია. დასავლეთის პასუხში საუბარი იყო რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანაზეც საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. 17 თებერვალს მოსკოვმა აშშ-ს გაუგზავნა პასუხის პასუხი, რომელშიც აშშ-ს რეაქციას, რუსეთის მოთხოვნებზე, არაკონსტრუქციული უწოდეს.

კომენტარები